იოშიჰიდე სუგა იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
იოშიჰიდე სუგამ განაცხადა, რომ არ აპირებს მმართველი პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რაც მისი უფლებამოსილების შეწყვეტას გამოიწვევს.
ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიაში განაცხადეს, რომ იოშიჰიდე სუგას სურს, თავისი ძალისხმევა ანტიკორონავირუსულ ღონისძიებებზე გაამახვილოს და პარტიის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
სუგა პრემიერ-მინისტრად ერთი წლის წინ დაინიშნა, როდესაც თანამდებობიდან შინძო აბე გადადგა. მისი რეიტინგი, იაპონიაში კორონავირუსის პანდემიის გამო საგრძნობლად გაუარესდა. პრემიერმა კრიტიკა ვაქცინაციის პროცესის ნელი ტემპის გამოც დაიმსახურა.
იაპონიის მმართველ, ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიაში პარტიის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის 29 სექტემბერს არის დაგეგმილი. პარტიის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებული ავტომატურად გახდება იაპონიის პრემიერი, რადგან ლიბერალ დემოკრატიული პარტია საპარლამენტო უმრავლესობას ფლობს.