იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - სამიტის გაუქმებაზე გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად უფრო ხელსაყრელი გარემოს შექმნას
იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აიმან საფადი ამანში დაგეგმილი სამიტის გაუქმების მიზეზებს განმარტავს. როგორც „სიენენი“ წერს, აიმან საფადიმ განაცხადა, რომ სამიტის გაუქმება ღაზის სექტორში მომხდარი აფეთქების საპასუხოდ მოხდა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე კონფლიქტის მოსაგვარებლად უფრო ხელსაყრელი გარემოს შექმნას.
საფადის თქმით, იორდანიას სჯერა, რომ ღაზის სექტორში მომხდარ აფეთქებაში ისრაელია პასუხისმგებელი.
„აქ ყველას სჯერა, რომ ისრაელია ამაზე პასუხისმგებელი. ისრაელის არმია ამბობს, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, შეეცადეთ, იპოვოთ ნებისმიერი მსოფლიოს ამ ნაწილში, ვინც ამას დაიჯერებს“, – განაცხადა საფადიმ.
ამასთან, იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოითხოვა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარება სიმართლის დასადგენად.
ამასთან ერთად, საფადიმ ხაზი გაუსვა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას და მიესალმა ისრაელის შეთანხმების შესახებ ცნობას, ეგვიპტიდან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დაშვების შესახებ, როგორც პოტენციურ ნაბიჯს ცეცხლის შეწყვეტისკენ.
შეგახსენებთ, იორდანიამ ამანში დაგეგმილი სამიტი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, ასევე ეგვიპტისა და პალესტინის ლიდერები უნდა დასწრებოდნენ, ღაზის ცენტრში საავადმყოფოზე მომხდარი თავდასხმის გამო გააუქმა.