იორდანიის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს დაიწყებს
იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტი ფეისალ ალ-ფაიეზი საქართველოში ვიზიტის ოფიციალურ ნაწილს დღეს დაიწყებს.
ფეისალ ალ-ფაიეზი დღეს შეხვედრებს საქართველოს პარლამენტში გამართავს.
პირველი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შედგება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
დღესვე ფეისალ ალ-ფაიეზს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს.
ხვალ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტი ადმინისტრაციულ საზღვართან სოფელ ხურვალეთში გაემგზავრება, სადაც ოკუპანტების მიერ აღმართულ მავთულხლართებსა და იქ არსებულ ვითარებას პირადად გაეცნობა.
17 აპრილს ფეისალ ალ-ფაიეზი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება.
იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტი საქართველოს 18 აპრილს დატოვებს.
ფეისალ ალ-ფაიეზი საქართველოს გუშინ ეწვია. ვიზიტის პირველ დღეს იორდანიის პარლამენტის სენატის პრეზიდენტმა კახეთის რეგიონი დაათვალიერა.