იორდანიის მეფე აბდულა აცხადებს, რომ ამბოხისკენ მოწოდება ჩახშობილია და ქვეყანა ახლა სტაბილური, უსაფრთხოა
იორდანიის მეფე აბდულა აცხადებს, რომ ამბოხისკენ მოწოდება ჩახშობილია და ქვეყანა ახლა სტაბილური, უსაფრთხოა

იორდანიის მეფე აბდულა აცხადებს, რომ ამბოხისკენ მოწოდება ჩახშობილია და ქვეყანა ახლა სტაბილური და უსაფრთხოა. ეს იორდანიის მონარქის პირველი განცხადებაა მას შემდეგ, რაც მის ნახევარძმასთან და ტახტის ყოფილ მემკვიდრესთან, ჰამზასთან უთანხმოების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

მეფე აბდულას განცხადებით, კრიზისი, რომელმაც შეარყია სამეფოს სტაბილურობა, იყო ყველაზე მტკივნეული, რადგან ის მომდინარეობდა როგორც სამეფო ოჯახის შიგნიდან, ისე გარედან.

„ვერაფერ შეედრება იმას, თუ რას ვგრძნობდი მე, როგორც ძმა, ჰაშემიტების ოჯახის მცველი და ამ ძვირფასი ხალხის ლიდერი – ეს იყო შოკი, ტკივილი, რისხვა“, – ნათქვამია მეფე აბდულას განცხადებაში.

4 აპრილს სამეფოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, აიმან ჰუსეინ აბდულა ალ-საფადიმ განაცხადა, რომ იორდანიის სპეცსამსახურებს აქვთ საიმედო ინფორმაცია ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით გარე მხარეების მონაწილეობის შესახებ. მისი თქმით, პრინც ჰამზასა და ხელისუფლების მიერ დაკავებულ რიგ სხვა პირებს „დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ აქტიური კონტაქტი უცხოურ მხარეებთან“. ასევე ცნობილი გახდა, რომ იორდანიაში მეფე აბდულა მეორეს წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებით 20 ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით, პრინცმა ჰამზა ბინ ჰუსეინმა „ბიბისის“ ვიდეომიმართვა გაუგზავნა, რომელშიც აცხადებს, რომ შინაპატიმრობაში იმყოფება.