წმინდა მიწაზე ქართული კულტურის ცენტრი იქნება ჩვენი კულტურის საპრეზენტაციო ადგილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იორდანიაში საქართველოს ელჩმა, ზაზა კანდელაკმა მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის ცერემონიალზე განაცხადა.
მისი თქმით, ცენტრში იქნება საგამოფენო დარბაზები, წარმოდგენილი იქნება საქართველოს ისტორია.
„ასევე, ჩვენი საგალობლების წარმოდგენა მოხდება. ხატწერის თემა არსებობს, შეიძლება, ამგვარი სასწავლებელიც გაკეთდეს და ჩვენი კულტურა გავუზიაროთ იორდანიელებს. ასევე, სამეცნიერო მუშაობაც იქნება შესაძლებელი, რადგან ბევრი რამეა შესასწავლი ზოგადად წმინდა მიწაზე. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეცნიერები დაინტერესდებიან, მით უმეტეს, როცა უკვე დღეს ჩვენი საკუთარი ადგილი გვაქვს წმინდა მიწაზე“, – განაცხადა ზაზა კანდელაკმა.
მდინარე იორდანესთან დღეს საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის ცერემონიალი გაიმართა, რომელშიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო მონაწილეობა.