იორდანიაში კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მეორე დღეა, აქცია იმართება
იორდანიაში პოლიციამ კომენდანტის საათის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
უკვე ორი დღეა, იორდანიის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ამანში, ღამის საათებში კომენდანტის საათის წინააღმდეგ გამოდიან. დემონსტრანტები პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ასევე აპროტესტებენ გასულ კვირას ერთ-ერთ ახალგახსნილ საავადმყოფოში ჟანგბადის მიწოდების შეფერხების გამო ცხრა პაციენტის გარდაცვალებას.
ბოლო პერიოდში იორდანიაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი მზარდია, რის გამოც ხელისუფლებამ შეზღუდვები გაახანგრძლივა. ორშაბათს ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 9 147 შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.