იორდანიაში აღმოჩენილი უცნაური ქვა სავარაუდოდ ჭადრაკის უძველესი ფიგურაა
ჭადრაკს ადამიანები დაახლოებით 1500 წლის წინაც თამაშობდნენ, თუმცა მისი წარმოშობა ბოლომდე გარკვეული არ არის. ახლახან, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 1300 წლის წინანდელი საგანი, რომელიც მათი აზრით, უძველესი ჭადრაკის ფიგურაა.
ქვიშაქვის ობიექტი, რომელიც ჭადრაკის ეტლის ფიგურას ჰგავს, 1991 წელს არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს სამხრეთ იორდანიაში, ერთ დროს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პოსტ ჰუმეიმასთან.
კანადის ვიქტორიას უნივერსიტეტის არქეოლოგ ჯონ ოლსენის მიერ ჩატარებული ახალი ანალიზების შედეგად ირკვევა, რომ ეს ნამტვრევი ამჟამად არსებულ უძველეს ნიმუშებზე 100 წლით ძველია. მისი თქმით, ობიექტი უფრო უძველეს ჭადრაკის ფიგურას ჰგავს, ვიდრე იმ პერიოდის რელიგიურ არტეფაქტს.
„მიუხედავად იმისა, რომ ფორმით ის ნაბატეველთა რელიგიურ ტაძარს წააგავს, უფრო სარწმუნოა, რომ სინამდვილეში ის ადრეული ისლამური ჭადრაკის ფიგურაა“, — განმარტავს ოლსენი.
ოლსენის განცხადებით, ამ ნამტვრევის ფორმა კარგად ემთხვევა ამავე რეგიონში აღმოჩენილ უფრო გვიანდელ ფიგურებს, რომლებიც ქვისგან, ხისგან ან სპილოს ძვლისგან არის დამზადებული. მიჩნეულია, რომ ჭადრაკი დასავლეთის მიმართულებით ინდოეთიდან გაიტანეს მოგზაურმა ვაჭრებმა და დიპლომატებმა; აღმოჩენის ადგილი ამ მოსაზრებას მართლაც კარგად შეესაბამება.
ჰუმეიმა — აღმოჩენის ადგილი მდებარეობს ვია ტრაიანა ნოვას გასწვრივ; ეს გახლდათ იმ დროს სახელგანთქმული რომაული სავაჭრო გზა, რომელიც ახლო აღმოსავლეთს ევროპასთან აკავშირებდა.
ჭადრაკზე მინიშნებები გვხვდება მე-7 საუკუნის ისლამურ ტექსტებში, რომლებიც ამ ნატეხს არც თუ ისე დიდი ხნით უსწრებდა წინ.
მართალია, დღევანდელი ჭადრაკის ეტლის ფიგურას სულ არ ჰგავს, მაგრამ ეს თამაში და მისი ფიგურები დროთა განმავლობაში იცვლებოდა. მეცნიერთა აზრით, ეტლის ადრეული ფიგურები ორგანყოფილებიან ეტლთა მსგავსი უნდა ყოფილიყო, რასაც იორდანიაში აღმოჩენილი ფიგურაც წააგავს.
თუმცა, დეტალური ანალიზებია საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ ქვიშაქვის ეს ნატეხი მართლაც ჭადრაკის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ფიგურაა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.