იოჰანეს ჰანი - მოხარული ვართ, რომ საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო განათლებას
იოჰანეს ჰანი - მოხარული ვართ, რომ საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო განათლებას

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის პროექტი უზარმაზარი შესაძლებლობაა, რომ ერთად შევკრიბოთ ახალგაზრდები ექვსი პარტნიორი ქვეყნიდან, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა ევროპული სკოლის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, სკოლის იდეაა, მოსწავლეებს შეუქმნას შესაძლებლობა, ერთად იყვნენ არამარტო სასწავლო საათებში, არამედ გააფართოონ ურთიერთობები და მეგობრული კავშირები.

„გასული წლის ნოემბერში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტმა დაგვანახა, რომ ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნისა და ექვსი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებმა განათლების სფეროში 340 მილიონის ღირებულების პაკეტი გამოიყენეს მაქსიმალურად, 20 მისაღწევი მიზნის მიმართულებით. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის „ერასმუს პლიუს“-ის ფარგლებში, რომელმაც შეცვალა არა ერთი, არამედ სამი თაობის მენტალიტეტი. უკვე სამი კოლეგა მყავს ევროკომისრის რანგში, რომლებიც ყოფილი „ერასმუს პლიუს“-ის სტუდენტები გახლავთ. ერთ-ერთია ფედერიკა მოგერინი, ფინეთის ყოფილი პრემიერი და ფინეთის ვიცე-პრეზიდენტი, ჩემი კოლეგა, კომისარი, პორტუგალიის წარმომადგენელი კვლევის საკითხებში. ესენი გახლავთ „ერასმუს პლიუს“-ის პირველი თაობის კურსდამთავრებულები, რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ და მაგალითს აძლევენ და ესტაფეტას გადასცემენ ახალ თაობებს. ეს გახლავთ „ერასმუსის“ მნიშვნელობა“, – აღნიშნა ევროკომისარმა.

რაც შეეხება  რეგიონს, იოჰანეს ჰანის განცხადებით, 2020 წლისთვის 80 ათას ახალგაზრდისა და აკადემიური შტატის მოლოდინია სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან და საქართველოსთან, რათა ისინი მაქსიმალურად ჩაერთონ „ერასმუს პლიუს“-ის პროგრამის შესაძლებლობებში.

„დამატებით, ჩვენი ახალგაზრდული პროგრამა გააგრძელებს ახალგაზრდების დასაქმებაში დახმარებას, რათა ბიძგი მიეცეს ახალგაზრდა მეწარმის უნარებს. ევროკავშირი მხარს უჭერს ბიზნესინკუპატორებსა და ინოვაციურ კლასტერებს, მენტორინგის სქემებს ახალგაზრდა მეწარმეებისთვის და ადამიანებისთვის, რომლებმაც სკოლა დაასრულეს. ევროკავშირი კიდევ ერთხელ აცხადებს და ასევე, აძლიერებს მხარდაჭერას პროფესიული განათლების და ტრენინგის სფეროში“, – განაცხადა მან.

ევროკომისრის თქმით, განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესება ევროკავშირის სერიოზული პრიორიტეტია და ასეთივე დარჩება 2020 წლის შემდეგადაც, როდესაც ახალი მრავალწლიანი ფინანსური მექანიზმი შევა ძალაში.

იოჰანეს ჰანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და მთავრობას ევროპული სკოლის პროექტის მხარდაჭერისთვის.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო განათლებას და ყველაფერს, რაც დაკავშირებულია განათლებასთან. ამ თვალსაზრისით, მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და საქართველოს მთავრობას ყველა იმ ძალისხმევისა და უწყვეტი მხარდაჭერისთვის, რაც ამ ამბიციური პროექტის მიმართ გამოხატეს“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ამასთან, ევროკომისარმა მადლობა გადაუხადა ბელარუსის, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის წარმომადგენლებს აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისთვის და ევროკავშირის ყველა ქვეყანას, რომლებიც მხარს უჭერენ ევროპული სკოლის იდეას და თბილისში დამატებითი პროგრამების რეალიზაციის ფარგლებში კლასგარეშე პროგრამები აქვთ.

თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა დღეს გაიხსნა, რომელიც 2018-2019 სასწავლო წლისთვის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებიდან 30 მოსწავლეს მიიღებს. სკოლის გახსნის ცერემონიაში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, ასევე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობდნენ.