იოჰანეს ჰანი - ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით
იოჰანეს ჰანი - ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით

ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა განაცხადა.

მისი შეფასებით, წარმატებული რეფორმა მთლიანად მართლმსაჯულების სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება.

„მინდა, დავადასტურო, რომ გასული თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი მაღალი დონის შეხვედრა ჩავატარეთ. დღეს ვისაუბრეთ ძირითადად ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს მნიშვნელობაზე. მნიშვნელოვანია თავისუფალი, დამოუკიდებელი მედია, კანონის უზენაესობა, იუსტიციისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ეს მნიშვნელოვანია მთლიანად მართლმსაჯულების სისტემისთვის, რომ წარმატებული რეფორმა ჩატარდეს. სატრანსპორტო ხაზები, უსაფრთხოება და ყველა ამ პუნქტის განხორციელება, ევროკავშირისა და საქართველოს მოქალაქეებს დააახლოებს, საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს გააძლიერებს“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ევროკომისრის შეფასებით, საქართველოს ამისთვის აუცილებელი ყველა ინსტრუმენტი აქვს. ასევე ქვეყანა მუშაობს „საგზაო რუკაზე“, რათა ქართული პროდუქციის მეტი ექსპორტი განხორციელდეს.

„წარმატებული არის მაგალითად ისეთი პროექტები, როგორიცაა თაფლი და შავი ზღვის თევზი“, – განაცხადა ჰანმა და აღნიშნა, რომ ასოცირების კიდევ ერთი ხელშესახები შედეგია თბილისში ევროპული სკოლის გახსნა, სადაც სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ მაღალი დონის განათლება, რომელიც ევროპულ ღირებულებებსა და სწავლის სტანდარტებზეა დაფუძნებული.

იოჰანეს ჰანის თქმით, ამ მაგალითით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სხვა ქვეყნებიც დაინტერესდნენ და მათაც სურთ მსგავსი ევროპული სკოლების გახსნა.

„ამიტომ მინდა, მივულოცო საქართველოს, საქართველომ უნდა გაიგოს მისი პასუხისმგებლობა, როგორც სამაგალითო ქვეყნის, რათა ამ გზაზე სიარული განაგრძოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ექსპერიმენტია“, – განაცხადა ევროკომისარმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სექტემბერში საქართველოს ეწვევა.

„ველოდები სექტემბერში საქართველოში ვიზიტს, რათა პრემიერ-მინისტრთან ერთად მოვახდინოთ ინაუგურაცია ჩვენი პროექტების მომდევნო ფაზებისა და ევროპული სკოლის. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება არა მხოლოდ წარმატებული პროექტი და მაგალითი, ჩვენ გავაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა. სხდომის შემდეგ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.