იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური აცხადებს, რომ ხარების დღესასწაულზე ეკლესიის ყველა მოძღვარი ეზიარა, რის შემდეგაც მამა გიორგი პაპავასთან კონტაქტი არ ჰქონიათ
იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური აცხადებს, რომ ხარების დღესასწაულზე ეკლესიის ყველა მოძღვარი ეზიარა, რის შემდეგაც მამა გიორგი პაპავასთან კონტაქტი არ ჰქონიათ

წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა გიორგი სხირტლაძე საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, რომ მის გარდა, თვითიზოლაციაში იმყოფება ერთი სტიქაროსანი და ოთხი მოძღვარი.

მისი ინფორმაციით, აქვს რეკომენდაცია, რომ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, იზოლირებული ერთი კვირის განმავლობაში იყოს. მამა გიორგი სხირტლაძე აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა არ აქვს.

„მამაოსთან გვქონდა დაწესებული უსაფრთხოების წესები, დისტანცია, პირბადე, ხელებზე დეზინფექცია და ა.შ. ეს ყველაფერი დაცული იყო. თვითონაც კიდევ სანამ გახდებოდა ავად, კარგა ხანი მე არ მინახავს, როცა იყო ის, მაშინ ვერაფერი შევატყვე ცუდად ყოფნის.

ვართ თვითიზოლაციაში. რჩევაა, შეზღუდვა გვაქვს. ვიცავთ ამას. რა თქმა უნდა, ვართ იზოლაციაში. მე ფაქტობრივად მეორე დღეა, ასე გახლავართ. ისედაც სახლში ვიყავი ეს დღეები კვირის შემდეგ, წირვის შემდეგ ისედაც სახლში ვარ. გუშინ ღამიდან უკვე ავტომატურად გადავედი თვითიზოლაციის ამ გაცნობიერებულ რეჟიმში, ვიდრე იზოლაცია გაგრძელდება. ერთი კვირა, ასე ვიცი. დამირეკეს და მითხრეს, რომ ერთი კვირა ვიყო იზოლაციაში“, – განაცხადა მამა გიორგი სხირტლაძემ.

მისივე ინფორმაციით, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, რის შემდეგაც ტაძარი გაიხსნება და აღდგომის ღამეს ღვთისმსახურებას საპატრიარქოდან მივლენილი სხვა მოძღვრები ჩაატარებენ.

„მე ასე ვიცი, ჩვენ, მოძღვრები ვართ იზოლაციაში. იქ სხვას არავის არაფერი შეყრია. ერთი სტიქაროსანია იზოლაციაში, რომელიც მსახურობდა იმ დღეს და დანარჩენი ჩვენ მოძღვრები, მამა გიორგი პაპავას გარდა, ჩვენ ხუთნი. როგორც ვიცი, არავის აქვს არანაირი სიმპტომატიკა. მახსოვს, ხარებაზე ვიყავით ყველა. ყველა მოძღვარი ეზიარა ხარებაზე, ხარება საუფლო დღესასწაულია. მერე აღარ მინახავს მამა გიორგი პაპავა. ვეზიარეთ და ის იქვე წავიდა, არანაირი სხვა კონტაქტი არ ყოფილა, არც აღსარებებზე გამოსულა და არაფერი. თვითონ ვცდილობდით, მაქსიმალურად დაგვეცვა დისტანცია ხალხისგან“, – განაცხადა მამა გიორგი სხირტლაძემ.

მისივე თქმით, ხარების დღესასწაულზე ტაძრის ყველა მღვდელმსახური ეზიარა.

„როგორ არის იცით, მოძღვრები ეზიარებიან თვითონ. ანუ ჩვენ ხომ ვაზიარებთ მრევლს კოვზით, მაგრამ მოძღვრები სხვა წესით ეზიარებიან, ტრაპეზიდან ეზიარებიან. თვითონ იღებენ ტრაპეზიდან ტარიგს, ხორცს ცალკე და შემდეგ სისხლს ცალკე ბარძიმიდან სვამენ. მოძღვრები თავის თავს თვითონ აზიარებენ, ასე ვთქვათ“, – განაცხადა მამა გიორგი სხირტლაძემ.

იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს, მამა გიორგი პაპავას კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.