ინტერვიუ ნატალია საბანაძესთან - შევხედოთ, როდის იქნება საუკეთესო მომენტი ევროკავშირის წევრობაზე განაცხადისთვის
ინტერვიუ ნატალია საბანაძესთან - შევხედოთ, როდის იქნება საუკეთესო მომენტი ევროკავშირის წევრობაზე განაცხადისთვის

პირველი არხის კორესპონდენტი ბრიუსელში დაინტერესდა, თუ რას უნდა ელოდოს საქართველო ევროკავშირთან დაახლოების კუთხით 2018 წელს, რა ღონისძიებებია დაგეგმილი, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ბულგარეთის, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მიერ დასახელებულ პრიორიტეტებს და როდის აპირებს საქართველო ევროკავშირის წევრობაზე ორგანიზაციაში განაცხადის შეტანას.

ამ თემაზე, პირველ არხს საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე ესაუბრება: 

ბულგარეთის თავმჯდომარეობა, თანამშრომლობა და პრიორიტეტები 

„ეს ბულგარეთის პირველი თავმჯდომარეობაა და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის. პრიორიტეტები განსაზღვრულია. პირველი, რაც საინტერესოა და უნდა გამოვყოთ, ეს არის ბულგარეთის მიერ დასახელებული პრიორიტეტი, რომელიც ახალგაზრდობის კუთხით ევროკავშირის მომავალს ეხება. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კვლევასა და ინოვაციაზე, „ჰორიზონტი 2020“-ის მიმოხილვაზე. საქართველო ამ პროგრამის წევრია. დაგეგმილია ამ პროგრამის პრიორიტეტების დიდი გადახედვა და ეს დასახელებულია ბულგარეთის ერთ-ერთ პირველ პრიორიტეტად.

ეს ჩვენთვისაც რელევანტური იქნება, ვინაიდან საქართველო შეეცდება მომავალშიც, რომ ამ პროგრამის ჩარჩოში რაც შეიძლება მეტი გრანტი მიიღოს. საუბარია უსაფრთხოებაზე და სტაბილურობაზე. ეს ზოგადად ევროკავშირის შიგნით და გულისხმობს განსაკუთრებით მიგრაციის და ტერორიზმის კონტექსტს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირის სამეზობლოს მიმართულებითაც.

ბულგარეთის თავმჯდომარეობას ნათქვამი აქვს, რომ სამეზობლოს სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ამ კონტექსტში აღმოსავლეთ პარტნიორობა განსაკუთრებით არის გამოყოფილი. ეს გასაგებია. ბულგარეთი ყოველთვის გამოირჩეოდა მხარდამჭერი პოზიციით აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მიმართ და კონკრეტულად, საქართველოს მიმართაც.

ბულგარეთთან ჩვენ გვქონდა დაწყებული სამუშაო მანამდე გაცილებით ადრე, ვიდრე ბულგარეთი ამ პოზიციას დაიკავებდა და გახდებოდა თავმჯდომარე ქვეყანა. სხვადასხვა ფორუმების ფორმატის ფარგლებში შედგა მინისტრების არაერთი ორმხრივი შეხვედრა.

ბულგარეთი ყოველთვის განსაკუთრებულად ხაზს უსვამდა, რომ არის საქართველოს მყარი მხარდამჭერი და საქართველოს მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

ბულგარეთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის დასავლეთ ბალკანეთი და ბალკანეთის ინტეგრაცია ევროკავშირში. ბულგარეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ რეალურად ბულგარეთია  ევროკავშირის პირველი ბალკანური თავმჯდომარე. ბულგარეთი თავს მოიაზრებს ბალკანურ ქვეყნად და ამიტომ დასავლეთ ბალკანეთის ინტეგრაცია ევროკავშირში პრიორიტეტად სახელდება. ეს არ ნიშნავს, რომ ბალკანეთის გაწევრიანება იქნება ადვილი. ნათქვამია, რომ არ უნდა შეიქმნას მცდარი მოლოდინები, მაგრამ მნიშვნელოვანია, ბალკანეთმა მიიღოს ნათელი სიგნალი, რომ ამ ქვეყნების მომავალი ევროკავშირშია და ევროკავშირის სტაბილურობაც გარკვეულწილად ამაზეა დამოკიდებული. უნდა იყოს პერსპექტივა, გზა და გეგმა, თუ როდის და რა ეტაპების გავლით მოხდება ამ ქვეყნების გაწევრიანება. ეს საინტერესოა ჩვენთვისაც. საქართველოს, რომელსაც სურს საბოლოოდ ევროკავშირში გაწევრიანება, ნებისმიერი წინსვლა ამ მიმართულებით მიუხედავად იმისა, რომ ეს სხვა ქვეყნებს ეხება, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. კომისიის ამ შემადგენლობამ როდესაც დაიწყო მუშაობა, ითქვა, რომ ამ კომისიის ფარგლებში გაფართოება არ მოხდებოდა. ეს ჩვენც მივიღეთ გარკვეულ სიგნალად. ახლა საუბარია, რომ ამ კომისიის მანდატის ბოლოსთვის, გარკვეული თარიღებიც დასახელდეს, გეგმა დაისახოს და ვალდებულებებიც აიღონ ამ ქვეყნების წინაშე.

ეს ნიშნავს, რომ გაფართოების თემა ისევ ჩნდება ევროკავშირის დღის წესრიგში და როგორც გზავნილი ეს ასპირანტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იყო ძალიან რთული თემაა. იცით თქვენ, რომ გაფართოების თემა შიდა ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე მტკივნეული საკითხი იყო ევროკავშირში.

არიან ქვეყნები, რომლებიც თვლიან, რომ სერიოზული დისკუსია უნდა გაიმართოს, თუ სადამდე გაფართოვდება ევროკავშირი. რა არის საზღვრები. არის ეს გეოგრაფიული, პოლიტიკური და ა.შ. ამ კითხვებზე პასუხები არ არის და გაფართოების ყოველი ტალღის წინ ეს კითხვები ახალი აქტუალურობით ჩნდება. ახლა, როდესაც გვაქვს ბალკანეთის მიმართულებით საუბარია იმაზე, რომ რეალურად უნდა დაიძრას გაფართოების პროცესი, ეს თავისთავად, ძალიან კარგია. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ამ ტალღის შემდეგ, ლოგიკური შემდეგი ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება ვიქნებით ჩვენ, ალბათ უკრაინა და მოლდოვა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი სულ ახლახან დასრულდა და ამიტომ, გასაგებია, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიება ასე უცებ არ ჩატარდება. აუცილებელია სამუშაო იმისათვის, რომ რაც სამიტის ფარგლებში დაიგეგმა და რა პრიორიტეტებიც დაისახა დაიწყოს მათი ცხოვრებაში გატარება და იმპლემენტაცია. 2020 წლისთვის პრიორიტეტები ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრი კონკრეტული რამ არის გათვლილი. აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩოს გარდა, საქართველოს აქვს ძალიან აქტიური ორმხრივი თანამშრომლობა ევროკავშირთან. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და გაღრმავდება“, – აღნიშნა ნატალია საბანაძემ.

საქართველოს საგზაო რუკა – მზადება ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად

„საგზაო რუკის არსიც ეს არის, რომ საქართველომ ახლა ცალმხრივად დაიწყოს მზადება იმისათვის, რომ გახდეს მზად გაწევრიანებისთვის. გაიაროს ის გზა, რომელიც აუცილებელია. ეს გზა ვიცით. ამის მაგალითები არსებობს. ახლა ვუყურებთ დასავლეთ ბალკანეთის მაგალითს, თუ რა რეფორმებია გასატარებელი და რა მოთხოვნებია. ამაში ახალი არაფერი არ არის. ჩვენ ეს ვიცით. გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც მართლაც დიდია და ყოვლისმომცველი. შეიძლება ითქვას, რომ 70-80 პროცენტზე მეტი გაწევრიანებისთვის აუცილებელი მოთხოვნების არის შეთანხმებაში შეტანილი, მაგრამ ჩვენ ამ გზამკვლევით გვინდა, რომ ამის მიღმა წავიდეთ. გვსურს განვავითაროთ ის ინიციატივები, რომლებიც საბოლოოდ მოგვამზადებს, რომ ევროკავშირისთვის შეგვეძლოს თქმა იმის, რომ მზად ვართ განაცხადის შესატანად.

ახლა არ არის საამისოდ კარგი პოლიტიკური განწყობა ევროკავშირში. განაცხადი ცალმხრივად არ კეთდება. განაცხადს უნდა შეთანხმება და ჩვენ როდესაც განაცხადს გავაკეთებთ უნდა გვქონდეს იმის გარანტიაც, რომ ამ განაცხადს მიიღებენ. უარის თქმა კიდევ უფრო უარესი იქნება. ჩვენ ცალმხრივად ვიღებთ ვალდებულებას, რომ მოვემზადოთ ამისთვის და შევხედოთ, თუ როდის იქნება საუკეთესო მომენტი, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ“, – განაცხადა ნატალია საბანაძემ.

საქართველოს პრიორიტეტი 

„ახლა საქართველოს პრიორიტეტია, რომ მაქსიმალურად გააღრმავოს ევროკავშირთან ინტეგრაცია. პოლიტიკურ ინტეგრაციაზე საუბარი ამ კონიუქტურიდან გამომდინარე, რთულია. ეს გვესმის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გაღრმავდეს ინტეგრაცია სექტორული მიმართულებით. არის სფეროები, სადაც საქართველო შეიძლება გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი. როგორც ეს მოხდა ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების დროს. ჩვენ ვუყურებთ სექტორულ მიმართულებებს, რაც არის განსაკუთრებით პრიორიტეტული ჩვენთვის და გვინდა აქცენტი ამაზე გავაკეთოთ.

ასევე, არის ძალიან ბევრი სააგენტო და ევროკავშირის სტრუქტურა, რომლებიც ღიაა არაწევრებისთვის და რომლებიც ჩვენთვის შეიძლება იყოს საინტერესო და მომგებიანი. უნდა მოხდეს ევროკავშირის რელევანტურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანება და აქტიური მოღვაწეობაც“, – აღნიშნა ნატალია საბანაძემ.