ნატა საბანაძე გიორგი გახარიას მრჩეველი იქნება
ნატა საბანაძე გიორგი გახარიას მრჩეველი იქნება

ნატა საბანაძე პარტიას „საქართველოსთვის“ შეუერთდა და საგარეო მიმართულებით გიორგი გახარიას მრჩეველი იქნება.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვიოლა ფონ კრამონს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ევროკავშირში საქართველოს ყოფილ ელჩ ნატალია საბანაძესთან ერთად შეხვდა.

„ყველა იცნობთ ქალბატონ ნატა საბანაძეს. მიხარია, რომ შემოუერთდება ჩვენს გუნდს. მას ექნება ოფიციალური პოზიცია ჩვენთან და იქნება ჩემი საერთაშორისო მრჩეველი. ყველას მოგეხსენებათ მისი რეპუტაცია – როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის შიგნით. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი გუნდის გაძლიერებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თავის მხრივ, ნატალია საბანაძემ აღნიშნა, როგორც ელჩმა, საკუთარი მისია ამოწურა.

„მე „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი არ ვყოფილვარ არასოდეს. ვიყავი ელჩი, რომელიც დაინიშნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. მე წარმადგინა მაშინ მაია ფანჯიკიძემ და ძალიან კარგად მახსოვს მისი სიტყვები: „დღეს ჩვენ სხვა პოლიტიკას ვაწარმოებთ და თქვენ არ ხართ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, თქვენ ემსახურებით საქართველოს“. ძალიან ბევრი მინისტრი გამოვიცვალე, ჩემი სურვილით წავედი, რადგან მქონდა გარკვეული შელაპარაკება, გარკვეულ უთანხმოებასაც ჰქონდა ადგილი, რადგან ჩავთვალე, რომ ჩემი მისია იყო ამ მომენტისთვის ამოწურული. არავისკენ არ მინდა თითის გაშვერა“, – განაცხადა ნატალია საბანაძემ.

რაც შეეხება მის ახალ პოზიციას გიორგი გახარიას პარტიაში, როგორც საბანაძემ აღნიშნა, გარკვეული პერიოდით დისტანციურად მოუწევს პარტიისთვის მუშაობა.

„მე ვიქნები გიორგისმრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში. გარკვეულწილად, დისტანციიდან მომიწევს ამის გაკეთება, რადგან მომავალ წელს მე არ ვიქნები საქართველოში – ერთი წლით მივემგზავრები აშშ-ში, როგორც მოწვეული პროფესორი, მაგრამ თანამშრომლობას გავაგრძელებ“, – განაცხადა ნატალია საბანაძემ.

დატოვე კომენტარი