ნატალია საბანაძე - „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ნამდვილად მოულოდნელი იყო ევროპელი პარტნიორებისთვის და ყველა ჩვენგანისთვის
ნატალია საბანაძე - „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ნამდვილად მოულოდნელი იყო ევროპელი პარტნიორებისთვის და ყველა ჩვენგანისთვის

მგონი, შარლ მიშელს ძალიან გაუკვირდებოდა 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნატალია საბანაძემ განაცხადა.

მან შარლ მიშელის შეთანხმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი იყო.

„ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, ისევე, როგორც ყველა ჩვენგანისთვის, რადგან ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე მხარე აქვს; ამ შეთანხმებას ჰქონდა შიდაპოლიტიკური, საგარეო-პოლიტიკური და ასევე გარკვეულწილად სიმბოლური. ამიტომ, ასეთი აღქმა იყო, რომ მმართველი გუნდისთვის ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ. მიუხედავად იმისა და ალბათ, კიდევ უფრო იმიტომ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მოაწერა ხელი, ეს სწორედ ისე იყო წარმოდგენილი, რომ მათ გადადგეს ეს ნაბიჯი. ამისდა მიუხედავად, რაც შეეხება შეთანხმების შიდა მხარეს, ეს ეხება რეფორმებს და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დონის ამაღლებას, მათ შორის, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებაზე შეთანხმებას. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მულტიპარტიული დემოკრატიის დამყარებისთვის. საგარეო-პოლიტიკური მხარე არის ჩვენი ურთიერთობა ევროპასთან და ამ შეთანხმებიდან გამოსვლა ნამდვილად დამაზიანებელია ორმხრივი ურთიერთობისთვის და სიმბოლური მხარე, რაც არის პოლარიზაციის შემცირება და რამაც შეიძლება ისე არ იმუშავა, როგორც იყო ჩაფიქრებული, მაგრამ იყო მოტივი“, – განაცხადა ნატალია საბანაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 28 ივლისს ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

ამასთან, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ევროპულის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გუშინ განცხადება გაავრცელა.

დატოვე კომენტარი