ინტერვიუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეპიდემიოლოგ რიჩარდ პიბოდისთან - სწორი ქმედებებით პანდემიაზე გავლენის მოხდენა ჩვენც შეგვიძლია​
ინტერვიუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეპიდემიოლოგ რიჩარდ პიბოდისთან - სწორი ქმედებებით პანდემიაზე გავლენის მოხდენა ჩვენც შეგვიძლია​

ეპიდვითარება ევროპაში, ვაქცინაციის აუცილებლობა პანდემიის შეკავების პროცესში და აუცილებელი რეგულაციები მესამე ტალღის პერიოდში ის ძირითადი საკითხებია, რომელთა შესახებაც ბრიტანელმა ეპიდემიოლოგმა რიჩარდ პიბოდიმ საქართველოს პირველი არხის ანალიტიკურ გადაცემა „ახალ კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. რიჩარდ პიბოდის დღესდღეობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის საშიში პათოგენების გუნდის ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია. „არ დარჩა ადამიანი, ვისზეც პანდემიას გავლენა არ მოუხდენია, მაგრამ ჩვენი სწორი ქმედებებით ამ პანდემიაზე გავლენის მოხდენა ჩვენც შეგვიძლია“, – ამბობს პიბოდი საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.

დიდი მადლობა, რომ თქვენი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ჩვენთვის დრო იპოვეთ. დავიწყებ ერთ-ერთი მთავარი კითხვით. მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით, რამდენად სახიფათო შეიძლება, იყოს პანდემიის მესამე ტალღა? 

დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. დღეს ევროპის არაერთი ქვეყანა კვლავ ვირუსის ფართო გავრცელების წინაშე დგას. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია ახალი შტამებით, რომლებიც უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე წინა შტამი. ახლაც მთავარი ისაა, რომ ყველა ღონისძიება თუ რეგულაცია, რომლებიც ტარდებოდა წინა ორი ტალღის პერიოდში, ახალი შტამების პირობებში ისევ უნდა გატარდეს. პირველი, ეს გახლავთ ფიზიკური დისტანციის შენარჩუნება ადამიანებს შორის, თავშეკავება ხალხმრავლობისგან. ბევრი რამ ცალკეული ადამიანების ქმედებაზეა დამოკიდებული. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ინფიცირებული მოქალაქეების დროული იზოლაცია, მათი კონტაქტების გამოვლენა და ამ კონტაქტების იზოლაცია. ეს არის მთავარი გზა ფართო გავრცელების შესაკავებლად, რათა მესამე ტალღა პირველ ორ ტალღაზე უფრო სუსტი იყოს. რაც მთავარია, ამ პროცესში გადამწყვეტია ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ ვხედავთ, რომ არაერთი ქვეყანა ინფიცირების ძალიან მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ვაქცინის დროული მიწოდება და ვაქცინაციის პროგრამის ფართოდ დანერგვა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ჩვენ ვიცით, რომ ჯოგური იმუნიტეტი პანდემიის დამარცხების ქვაკუთხედია. მსოფლიოში, განსაკუთრებით კი დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე ვაქცინაციის არათანაბარი პროცესის გათვალისწინებით, რამდენად დროულად მოახერხებს მოსახლეობა ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებას? 

მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესში პირველ კატეგორიად აიცრან რისკჯგუფებში შემავალი მოქალაქეები – უფროსი ასაკისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ასევე სრულად აიცრან ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, ადამიანები, რომლებიც ჯანდაცვის სისტემის წინა ხაზზე დგანან. ეს ყველა სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს. სწორედ ამ ადამიანების სრული ვაქცინაცია ჯანდაცვის სისტემას ხელს უწყობს, გამართულად იმუშაოს, არ გადაიტვირთოს, ასევე საგრძნობლად შემცირდეს „კოვიდ-19“-ით გამოწვეული სიკვდილიანობა. ჩვენ უკვე დადასტურებით ვიცით, რომ დღეს არსებული ვაქცინები სიკვდილიანობისგან, სულ მცირე, 90 პროცენტით გვიცავს. რაც შეეხება თქვენს კონკრეტულ შეკითხვას მსოფლიო მოსახლეობაში ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების შესახებ, გეტყვით, რომ ჯერ აქამდე დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ ამ წერტილამდე რომ მივიდეთ, უპირველეს ყოვლისა უნდა მოვახერხოთ ცალკეული მოწყვლადი ჯგუფებისა და სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციით დაცვა.

მინდა, გკითხოთ ჩინურ ვაქცინებზე, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციას უახლოეს მომავალში ელოდება. საქართველოს „სინოფარმის“ 100 000 დოზა აქვს ნაყიდი და პეკინისგან ამავე რაოდენობის „სინოვაკი“ საჩუქრად მიიღო. დღეს თქვენთვის არსებული ინფორმაციით, რამდენად ეფექტიანია ჩინური ვაქცინები?

ჩინური ვაქცინა მართლაც არაერთ ქვეყანაში გამოიყენება. მე უშუალოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ამ კვლევაში ჩართული არ ვარ, თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ კვლევის პროცესში დიდი ყურადღება ეთმობა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე მოგროვებულ ფაქტებს, მონაცემებს, კერძოდ, რამდენად ეფექტიანად მუშაობს ეს ვაქცინები ვირუსის წინააღმდეგ, გავრცელების წინააღმდეგ, რამდენად იცავს ჰოსპიტალიზაციისგან. ახლო მომავალში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც კვლევის საბოლოო შედეგს გამოაქვეყნებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან მალე მოხდება.

დაახლოებით ერთი წლის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაიწყო სოლიდარობის კვლევა, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის ძიებას ეძღვნება. რა ეტაპზეა კვლევები და რამდენად საიმედო ვითარებაა დღეს ამ კუთხით?

ეს მართლაც მასშტაბური კვლევაა. რამდენიმე წამალმა შედეგი არ აჩვენა, თუმცა გამოიკვეთა, რომ ვირუსის გართულებისას სტეროიდები ეფექტიანად მოქმედებს. კონკრეტული წამალი ახალი ტიპის კორონავირუსის სამკურნალოდ არ არსებობს, მაგრამ დღეს გაცილებით მეტი ვიცით ვირუსის მკურნალობის შესახებ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიცოდით. სოლიდარობის კვლევა გრძელდება, თუმცა ძალიან დადებითი ფაქტია ის, რომ წამლის არარსებობის შემთხვევაშიც კი გვაქვს ეფექტური ვაქცინები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, ამ ვაქცინების ეფექტიანობა იმაში მდგომარეობს, რომ აცრილ ინფიცირებულ პაციენტს სიკვდილისგან სრულად იცავს, ასევე იცავს ვირუსისთვის დამახასიათებელი გართულებებისგან. ახლა მთავარია, რომ ვაქცინები ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც „კოვიდ-19“-ის სხვადასხვა შტამი არსებობს, ზოგიერთი უფრო აგრესიულიც კი, ვიდრე წინა შტამი. რამდენად ეფექტიანია დღეს არსებული ვაქცინები ამ შტამების მიმართ?

დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია დღესდღეობით. ვირუსი, რომელიც დღეს ევროპაში ცირკულირებს, ძირითადად ბრიტანული შტამია. ეს შტამი გაერთიანებულ სამეფოში რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. იგი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე წინა შტამი და ინფიცირების მაჩვენებლის მატება სწორედ ამ შტამითაა განპირობებული. ახლა არაერთი ქვეყანა და ორგანიზაცია ატარებს კვლევებს, დაადგინოს, რამდენად კარგად მუშაობს არსებული ვაქცინა ამ შტამის წინააღმდეგ. ევროპაში ნაკლებად გავრცელებული მეორე შტამი სამხრეთ აფრიკულია, მესამე კი ბრაზილიური. ეს შტამები ევროპაში სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების მოგზაურობის შედეგად დაფიქსირდა. შეკითხვები ჯერ კიდევ არსებობს არსებული ვაქცინებისა და სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური შტამების კავშირის შესახებ, თუ რამდენად ეფექტიანად იცავს ვაქცინები ადამიანის ორგანიზმს ზემოთ ხსენებული შტამებისგან. ჯერჯერობით მონაცემები შეზღუდული რაოდენობით გვაქვს. ჩვენ ველოდებით საბოლოო კლინიკურ დასკვნას ამ საკითხთან დაკავშირებით.

რა რეკომენდაციას მისცემდით საქართველოს, ქვეყანას, რომელმაც მეორე ტალღა პირველისგან განსხვავებით ძალიან მძიმედ გადაიარა და რომლის ჯანდაცვის სისტემაც მოწყვლადია? რა არის თქვენი მთავარი გზავნილი პანდემიის მე-14 თვეს? 

ჩემი მთავარი გზავნილია, რომ პანდემია გრძელდება, არსად წასულა და გარკვეული პერიოდი ისევ გაგრძელდება. არ დარჩა ადამიანი, რომელზეც პანდემიას გავლენა არ მოუხდენია, მაგრამ ჩვენი სწორი ქმედებებით ამ პანდემიაზე გავლენის მოხდენა ჩვენც შეგვიძლია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელი პირობების შესრულებით საკუთარი თავი და ირგვლივ მყოფები ვირუსის გადაცემისგან დავიცვათ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სწრაფი ტესტირებით დროულად გამოვლინდეს ინფიცირების შემთხვევები, მოხდეს მათი დროული იზოლაცია. და მესამე გზავნილი, რაც ყველაზე მთავარია, გახლავთ ვაქცინაციის პროგრამის ფართოდ დანერგვა ქვეყანაში. მით უმეტეს, თუ სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემა მოწყვლადია, ეს არის ერთადერთი გზა, რომ რისკჯგუფში შემავალი ადამიანები ვირუსის თანმდევი გართულებისგან დაცულები იყვნენ. ჩვენ მხოლოდ ამ ფორმით, ამგვარი წესების დაცვით მოვახერხებთ, შევამციროთ პანდემიის მავნე გავლენა მოსახლეობაზე.