ინგუშეთში უცნობმა პირებმა Amnesty International-ის თანამშრომელი გაიტაცეს
ინგუშეთში Amnesty International-ის თანამშრომელი უცნობმა პირებმა გაიტაცეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, მომხდარი შესახებ თავად გატაცებული ყვება. მან რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს განცხადებით უკვე მიმართა და საქმის გამოძიება მოითხოვა. როგორც ოლეგ კოზლოვსკი ამბობს, ნიღბიანებმა მძევლად აიყვანეს და მისი მკვლელობა გაითამაშეს.
როგორც უფლებადამცველ ორგანიზაციაში განმარტავენ, კოზლოვსკი ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში საპროტესტო გამოსვლების მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდა. როგორც კოზლოვსკი ამბობს, მასთან უცნობი მივიდა და აქციის ორგანიზატორთან შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა. მანქანაში ჩასხდომის შემდეგ, კოზლოვსკის ტელეფონი წაართვეს და ქალაქიდან გაიყვანეს. ნიღბიანები ექსტრემიზმთან ბრძოლის ცენტრის თანამშრომლებად გაეცნენ, თუმცა დოკუმენტები არ წარუდგენიათ.
ჩვენებაში კოზლოვსკი ამბობს, რომ გამტაცებლებმა მინდორში გააშიშვლეს და გაუპატიურებითა და მოკვლით დაემუქრნენ.
„მათ მცემეს, ნეკნის მოტეხილობა მქონდა, რამდენჯერმე თავზე დამადეს იარაღი. მემუქრებოდნენ, რომ ცოლს და შვილს მომიკლავდნენ“, – აცხადებენ უფლებადამცველი.
როგორც დაზარალებული ამბობს, ამის შემდეგ პირადი ნივთები დაუბრუნეს და ჩრდილოეთ ოსეთში წაიყვანეს, სადაც აეროპორტის სიახლოვეს ჩამოსვეს.
მომხდართან დაკავშირებით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
ინგუშეთში საპროტესტო აქციები 4 ოქტომბერს დაიწყო. მოქალაქეები ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის საზღვრის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას აპროტესტებდნენ.