ინგლისის სანაპიროსთან 340 წლის წინ ჩაძირული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამეფო გემი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
13:24, 13.06.2022
აღმოსავლეთ ინგლისის წყლებში აღმოაჩინეს 1682 წელს ჩაძირული ბრიტანული სამხედრო გემი, რომლის ეკიპაჟში მომავალი მეფეც შედიოდა. მეცნიერებმა აღმოჩენას უკვე უწოდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული საზღვაო აღმოჩენა, მას შემდეგ, რაც 1982 წელს წყლიდან ხომალდი „მერი როუზი“ ამოიღეს.
ჩაძირული გემის დაცვის მიზნით, კვლევითი სამუშაოები ბოლო 15 წლის განმავლობაში, გასაიდუმლოებულად მიმდინარეობდა.
გემი, სახელად „გლოსტერი“ ზღვის ფსკერზე ნახევრად იყო ჩამარხული. პირველად მას 2007 წელს, ძმებმა ჯულიან და ლინკოლნ ბარნუელებმა მიაგნეს ნორფოლკის სანაპიროებთან ოთხწლიანი ძებნის შემდეგ.
1682 წლის 6 მაისს, სამეფო ფლოტის ხომალდს ინგლისის მომავალი მეფე, შემდეგ კი იორკის ჰერცოგი ჯეიმზ სტიუარტი გადაჰყავდა, როდესაც ქვიშიან, თავთხელ მეჩეჩზე შეჯდა.
მისი ჩაძირვის შემდეგ დავა გაჩაღდა ყოფილ ლორდ-ადმირალს, ინგლისის მომავალ მეფე ჯეიმზ II-სა და გემის კაპიტანს შორის, რადგან გემი მაშინ ნორფოლკის არასაიმედო, ქვიშიან ნაპირებთან მიცურავდა.
აღმოსავლეთ ანგილიის საზღვაო ისტორიის ექსპერტი კლერ ჯოვიტი შენიშნავს, აღმოჩენის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის გემის ასაკი და პრესტიჟი, შენახვის ხარისხი, უკვე ამოტანილი ნივთები და კატასტროფის პოლიტიკური კონტექსტი.
„აღმოჩენა სავარაუდოდ ფუნდამენტურად შეცვლის წარმოდგენას მე-17 საუკუნის სოციალური, საზღვაო და პოლიტიკური ისტორიის შესახებ“, — ამბობს ჯოვიტი.
კატასტროფას ასობით მგზავრი და ეკიპაჟის წევრი ემსხვერპლა, მაგრამ ძლივს გადარჩა თავად სტიუარტი, რომელსაც გემის დატოვება ბოლო წუთამდე არ სურდა.
„ჩაძირვის გარემოებათა გამო, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო აღმოჩენა 1982 წელს წყლიდან გემ „მერი როუზის“ ამოღების შემდეგ“, — აღნიშნავს მკვლევარი.
მეფე ჰენრი VIII-ის ერთ-ერთი სამხედრო გემი, „მერი როუზი“ 1545 წელს ჩაიძირა; საზღვაო არქეოლოგებმა წყლიდან ის 1982 წელს ამოიტანეს და ძალიან ბევრი ახალი ინფორმაცია მიიღეს ტიუდორების ეპოქის ცხოვრების შესახებ.
ხის გემი თითქმის მთლიანად იყო ზღვის ფსკერში ჩამარხული, მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ, მოხერხდა მისი დაახლოებით მესამედის ამოტანა.
„მერი როუზიდან“ ამოიტანეს ქვემეხების ხის ლაფეტები, სამზარეულოს ქვაბები, სკალპელები, წიგნის ტყავის ყდები, შპრიცები, ვიოლინოები, სასტვენები, იარაღები, სანავიგაციო მოწყობილობები, ავეჯი. შედეგად, ისტორიკოსებს ხელში ჩაუვარდათ ტიუდორების ეპოქის ნამდვილ არტეფაქტთა უდიდესი კოლექცია.
„გემი „გლოსტერი“ წარმოადგენს ბრიტანეთის პოლიტიკური ისტორიის მნიშვნელოვან მომენტს: სამეფო ხომალდის ჩაძირვისას კინაღამ დაიღუპა პროტესტანტული ტახტის კათოლიკე მემკვიდრე, თანაც იმ დროს, როდესაც დიდი იყო პოლიტიკური და რელიგიური დაძაბულობა“, — წერს უნივერსიტეტი.
ჩაძირულ გემზე აღმოჩენილ ნივთებს 2023 წელს გამოფენენ ნორვიჩის ციხის მუზეუმში; მათ შორის იქნება ზარიც, რომლითაც მოხდა გემის იდენტიფიცირება.
მომზადებულია uea.ac.uk-ისა და Agence France-Presse-ის მიხედვით.