ინგა შამილიშვილი - ადგილობრივი ხელისუფლება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიასთან ერთად მუშაობს, რათა რეპრესირებულთა ცხედრების დაკრძალვა პატივით მოხდეს
ხელვაჩაურში 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხების აღმოჩენის საკითხს აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი გამოეხმაურა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიასთან ერთად მუშაობს, რათა რეპრესირებულთა ცხედრების დაკრძალვა პატივით მოხდეს. მისივე თქმით, აჭარის მთავრობა გარდაცვლილთა საფლავების მოწყობაზეც იზრუნებს.
„საკითხის გადაწყვეტაში ჩართულია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, კერძოდ მეუფე დიმიტრი. ასევე, ინფორმირებულია ადგილობრივი მთავრობა, რომელიც ერთობლივად მუშაობს იმ საკითხზე, რათა ცხედრებისთვის სასაფლაოს მოწყობა და მათი პატივით დაკრძალვა მოხდეს”, – განაცხადა ინგა შამილიშვილმა.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, ბათუმში, ხელვაჩაურის ყოფილ ტერიორიაზე 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს. ეპარქიის ცნობით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ იყო დამარხული. 21 აპრილს ეპარქია გარდაცვლილთა ნეშტების პატივით დამარხვას გეგმავს. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია 1937-1938 წლებში ბათუმში დახვრეტილ პირთა სიას აქვეყნებს, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.