ინფექციურ საავადმყოფოში სეზონური გრიპით 19 პაციენტი მკურნალობს, მათგან უმეტესობა „ბე“ ტიპის ვირუსია
ინფექციურ საავადმყოფოში სეზონური გრიპით 19 პაციენტი მკურნალობს, მათგან უმეტესობა „ბე“ ტიპის ვირუსია

ინფექციურ საავადმყოფოში, სეზონური გრიპით დაავადებულთა რაოდენობა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში სტაბილურად მზარდია.

როგორც საქართველოს პირველ არხს ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების გამგე მარინა ენდელაძემ განუცხადა, პაციენტების მიმართვის რაოდენობა დღეში 35-ს აღწევს.

მათივე ინფორმაციით, ძირითადად, ცირკულირებს „ბე“ ტიპის გრიპი, რომელიც შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე, „ა“ ტიპი. ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში გრიპით დაავადებული 19 პაციენტი მკურნალობს.

„დაახლოებით ორი კვირაა, სტაბილური ზრდა ფიქსირდება. ვერ ვიტყვი, რომ წინა წელთან შედარებით განსაკუთრებული მატებაა. ახლა სეზონური გრიპის პერიოდია. ძირითადად, გახლავთ „ბე“ ტიპის ვირუსი, რომელიც შედარებით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს კლინიკურად და გართულებები ნაკლებად ახასიათებს, თუმცა რისკჯგუფებში აქაც შეიძლება გართულება, ამიტომ საჭიროა დროული მიმართვა ექიმისადმი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში „ა“ ტიპის ვირუსის ერთეული შემთხვევები ფიქსირდება.

„ა“ ტიპის გრიპის სხვადასხვა სახეობა არსებობს და უფრო მძიმედ მიდის, ვიდრე „ბე“ გრიპი. პირველ რიგში, საჭიროა ჰიგიენური პირობების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, ავადმყოფი უნდა მოერიდოს სოციუმში ყოფნას. პირველივე სიმპტომების გამოჩენისთანავე, უმჯობესია, მოთავსდეს პაციენტი ბინაზე, მიიღოს დიდი რაოდენობის სითხე. გართულებების, ცხელების გახანგრძლივების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართოს ექიმს. მომართვიანობა ჩვენთან, დღეში დაახლოებით 30, 35, 25 პაციენტია. მათგან ნაწილი საჭიროებს ჰოსპიტალიზებას, ხშირი შემოსვლა – გასვლა არის. ზოგიერთს ყოფნის ერთი დღეც. ამჟამად, ჩვენთან გრიპით 19 პაციენტია მოთავსებული“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების გამგე მარინა ენდელაძემ.