ინდონეზიაში, მიწაში ჩამარხული გიგანტური პირამიდა, სავარაუდოდ მსოფლიოში უძველესია — #1tvმეცნიერება
გიგანტური მიწისქვეშა პირამიდა, რომელიც ინდონეზიაში, ბორცვის ქვეშ იმალება, სტოუნჰენჯზე და გიზის პირამიდებზე გაცილებით ძველია და შეიძლება, ადამიანის ხელით აგებული უძველესი მეგალითური სტრუქტურა იყოს.
დაიმახსოვრეთ მისი სახელი — გუნუნგ-პადანგი.
კუნძულ იავის დასავლეთ ნაწილში მდებარე უძველესი ქვის სტრუქტურების ეს გამორჩეული ბორცვი ადგილობრივებისთვის წმინდაა, რომლებიც ამ სახის სტრუქტურებს „პუნდენ-ბერუნდაკს“ უწოდებენ, რაც საფეხურებიან პირამიდას ნიშნავს.
არქეოლოგებმა ამ ძეგლის ზედაპირი ოდნავ გაასუფთავეს, მაგრამ უკვე ჩანს, რომ ის ადამიანის გამჭრიახობის გამორჩეული ნიმუშია.
გუნუნგ-პადანგი პოტენციურად მსოფლიოში უდიდესი პირამიდული სტრუქტურაა; აშენებულია ჩამქრალი ვულკანის თავზე, აგრარული ცივილიზაციის გარიჟრაჟზე.
ინდონეზიელ მეცნიერთა ახალი მონაცემების თანახმად, მის წიაღში შეიძლება დიდი, ღია კამერები შეიძლება იმალებოდეს ჩვენთვის სრულიად უცნობი შიგთავსით.
გუნუნგ-პადანგი ადგილობრივთა ენაზე „განმანათლებლობის მთას“ ნიშნავს. სტრუქტურის ფართო ანალიზი ძლიერ მიუთითებს, რომ უძველესმა ცივილიზაციამ ზედმიწევნით გამოძერწა ლავის ბუნებრივი ბორცვი და მას პირამიდის მსგავსი ფორმა მისცა.
ძეგლის პირველი რადიონახშირბადული დათარიღება მიუთითებს, რომ თავდაპირველი მშენებლობა სადღაც ბოლო გამყინვარების პერიოდში დაიწყო, 16 000-ზე მეტი წლის წინ, შესაძლოა, 27 000 წლის წინაც კი.
უკეთესად რომ წარმოვიდგინოთ, გიობექლი-თეფე — ქვით ნაგები მასიური სტრუქტურა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ამჟამად მსოფლიოში უძველეს მეგალითად მიიჩნევა. ის 11 000 წლისაა.
გუნუნგ-პადანგი ახალი კვლევის შედეგები მრავალწლიანი დეტალური ანალიზების ნაყოფია.
2011-2015 წლებში, არქეოლოგების, გეოლოგებისა და გეოფიზიკოსების ჯგუფი კულტურული მემკვიდრეობის ჯგუფს სხვადასხვა მეთოდით სწავლობდა. მათ შორის იყო ბირთვის გაბურღვა, მიწისქვეშ შეღწევადი რადარები, ზედაპირქვეშა ვიზუალიზაცია. მკვლევართა ჯგუფს ინდონეზიის ეროვნული კვლევებისა და ინოვაციების სააგენტოს გეოლოგი დანი ჰილმან ნატავიდჯაჯა ხელმძღვანელობდა.
ნატავიდჯაჯამ და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ წარულის სხვა მრავალი მეგალითის მსგავსად, გუნუნგ-პადანგიც კომპლექსურ და დახვეწილ ეტაპებად არის აგებული; მისი ყველაზე ღრმა ნაწილი კი 30 მეტრის სიღრმეში მდებარეობს.
სტრუქტურის ეს შუაგული ნაწილი სავარაუდოდ ძვ. წ. 25 000 – 14 000 წლებში აშენდა, მაგრამ შემდეგ, რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში მიტოვებული იყო.
მშენებლობა ძვ. წ. 7900 – 6100 წლის წინ განახლდა და პირამიდის შუაგული კლდის სხვადასხვა სვეტებით განავრცეს; ძვ. წ. 6000 – 5500 წლებში კიდევ მიამატეს გარკვეული ნაგებობები. საინტერესოა, რომ ამ დროს, მშენებლებს ძეგლის ზოგიერთი ძველი ნაწილი მიზანმიმართულად ჩაუმარხავთ ან ზედ სხვა რამ დაუშენებიათ.
პირამიდის საბოლოო არქიტექტორები იქ ძვ. წ. 2000 – 1100 წლებში მივიდნენ და ზემოდან დაამატეს პუნდენ-ბერუნდაკისთვის დამახასიათებელი მიწა და ქვის ტერასები. დღეს ძირითადად სწორედ ეს ნაწილია ხილული.
„გუნუნგ-პადანგის მე-3 და მე-4 განყოფილების მშენებლებს ქვის თლის გამორჩეული უნარები უნდა ჰქონოდათ, რაც არ გააჩნდათ ტრადიციულ მონადირე-შემგროვებელ კულტურებს“, — წერს მკვლევართა ჯგუფი.
მათი განცხადებით, გუნუნგ-პადანგის გრძელი და უწყვეტი გამოყენებიდან გამომდინარე, უპრიანია ვივარაუდოთ, რომ ამ ძეგლს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, გამუდმებით იზიდავდა ხალხს, რომელიც შემდეგში მას ცვლიდა.
დამატებითი გათხრებია საჭირო, რათა დადგინდეს, ვინ იყო ეს პრეისტორიული ხალხი და რატომ აშენებდნენ ასეთ სტრუქტურებს.
როდესაც მკვლევრებმა ბორცვის წიაღი სეისმური ტალღებით შეისწავლეს, მიაგნეს დამალული ღრუებისა და ოთახების მტკიცებულებას, რომელთა სიგრძე 15, სიმაღლე კი 10 მეტრია.
ჯგუფს იმედი აქვს, რომ ამ ზონამდე გაბურღვას შეძლებს. თუკი გზად რაიმე ოთახს წააწყდებიან, აუცილებლად ჩაუშვებენ კამერას და ნახავენ, რა იმალება იქ.
„ეს კვლევა მაგალითია იმისა, როგორ შეუძლია დამალული, უძველესი ვრცელი სტრუქტურების აღმოჩენა ყოვლისმომცველ მიდგომას, რომელიც აერთიანებს არქეოლოგიურ, გეოლოგიურ და გეოფიზიკურ მეთოდებს“, — წერენ მკვლევრები.
და ბოლოს, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ გუნუნგ-პადანგის სახელს მომავალში კიდევ მრავალჯერ გაიგონებთ.
კვლევა Archaeological Prospection-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.