ინდოეთში, პიროტექნიკის ქარხანაში ხანძრის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი გარდაიცვალა
სამხრეთ ინდოეთში, ტამილანდუს შტატში პიროტექნიკის ქარხანაში ხანძრის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
რეგიონული პოლიციის განცხადებით, ხანძრის გაჩენის მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. მათი თქმით, 26 ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინდოეთის ამ რეგიონში, კორონავირუსის გამო, მარტში დაწესებულ კარანტინამდე ორი ცალკეული ინციდენტის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა. 2009 და 2012 წლებში პიროტექნიკის ქარხნებში ხანძრის შედეგად დაახლოებით 40 ადამიანია დაღუპული.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ამ რეგიონში ასობით ათასი ადამიანის საარსებო წყარო სწორედ პიროტექნიკის ინდუსტრიაზეა დამოკიდებული, სადაც მსგავსი შემთხვევები ხშირია.