ინდოეთში ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად ნიუ დელის აეროპორტში სახურავი ჩამოინგრა, დაიღუპა, სულ მცირე, ერთი ადამიანი
ინდოეთში ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად ნიუ დელის აეროპორტში სახურავი ჩამოინგრა, დაღუპულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი, გაუქმებულია ფრენები, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 05:00 საათზე მოხდა.
ნიუ დელის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია დასრულებულია, რვა დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ინდოეთის ავიაციის მინისტრმა, კინჯარაჰუ რამმონ ნაიდუმ განაცხადა, რომ აეროპორტიდან ხალხი ევაკუირებულია. გაუქმდა, სულ მცირე, ათი ფრენა და გადაიდო 40 ავიარეისი.
ამასთან, ძლიერი წვიმის შედეგად ნიუ დელიში დაიტბორა რამდენიმე მეტროსადგური, დედაქალაქის რამდენიმე რაიონს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
როგორც „როიტერი“ წერს, ინდოეთის ყველაზე დასახლებულ შტატში, უტარ პრადეშში ბოლო 48 საათის განმავლობაში წვიმისა და წყალდიდობის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შვიდი ადამიანი მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.