ინდოეთის ასამის შტატში, არქეოლოგები ზოგჯერ თვალწინ, ზოგჯერ კი ველურ ბუნებაში დამალულ ძეგლებს პოულობენ, რომლებიც ერთ დიდი ხნის საიდუმლოს ეხება. ამჯერად, აქამდე უცნობ ოთხ ადგილას, მიწიდან ამოშვერილი 65 გიგანტური ქვიშაქვის ჭურჭელი იპოვეს.
ამ უძველეს ობიექტთაგან, ზოგიერთი მაღალი და ცილინდრულია, ზოგი ბოლქვის ფორმის, ზოგიც ერთად შეკრულ ორ კონუსს ჰგავს. ზოგიერთი კი ნაწილობრივ ან მთლიანად მიწაშია ჩამარხული. უცნობია, ვინ შექმნა ისინი ან რა მიზნით გამოიყენებოდა. რაც არ უნდა ყოფილიყო მათი დანიშნულება, როგორც ჩანს, მათი რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე აქამდე ვიცოდით.
ახალი აღმოჩენის შედეგად, ასამის შტატში ჩვენთვის ცნობილ მეგალითურ გიგანტურ ჭურჭელთა ძეგლების რაოდენობამ 11-ს მიაღწია. მსგავსი ადგილები აღმოჩენილია ლაოსსა და ინდონეზიაშიც. ერთობლივად, ისინი ძვ. წ. მეორე ათასწლეულითა და ახ. წ. მე-13 საუკუნეებს შორის თარიღდება. ლაოსში ასეთ გიგანტურ ქილებში ადამიანის ჩონჩხები აღმოაჩინეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ერთ დროს, მათ ალბათ დასაკრძალად იყენებდნენ.
ასამის მეგალითური ქილების ძეგლები ოფიციალურად პირველად 1929 წელს ბრიტანელმა საჯარო მოხელეებმა, ფილიპ მილსმა და ჯონ ჰენრი ჰატონმა აღწერეს. ისინი ექვსი ძეგლის შესახებ იუწყებოდნენ. მეშვიდე ძეგლი მხოლოდ 2016-2017 წლების ექსპედიციისას აღმოაჩინეს, რომლის მიზანიც მილსისა და ჰატონის მიერ აღწერილ ძეგლთა კატალოგიზაცია იყო.
სამუშაოები 2020 წელს, ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ჰილის უნივერსიტეტის (NEHU) არქეოლოგის, ტილოკ ტაკურიას ხელმძღვანელობით დაიწყო. სწორედ მაშინ აღმოაჩინეს იქამდე უცნობი ძეგლები.
„თავდაპირველად, ჯგუფი მხოლოდ სამი დიდი ძეგლის კატალოგიზაციისთვის წავიდა, რომლებიც აქამდე ოფიციალურად არ იყო კატალოგიზებული. უკვე იქიდან კი დაიწყო მიმდებარე ხშირი ტყეების კვლევა. სწორედ მაშინ დაიწყო გიგანტური ქილების ახალ ძეგლთა აღმოჩენა“, — ამბობს ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის არქეოლოგი ნიკოლას სკოპალი.
ოთხი ახალი ძეგლი სოფელ ჰერაკილოში იპოვეს, სადაც 10 ჭურჭელი აღმოჩნდა, ექვსი ძეგლი მის გარე ნაწილში, დანარჩენი ოთხი კი სოფელს გარეთ; სოფელ თაიმოდოლინგის ქედზე 12 ძლიერ დაზიანებული ქილა იპოვეს, მის სიახლოვეს კი კიდევ რვა, რომლებიც თავდაპირველი ადგილიდან გადაადგილებულია, სავარაუდოდ, გზის მშენებლობის გამო; სოფელ ქვედა ჩაიკამში 35 ჭურჭელს მიაგნეს, გაუვალი ტყით გარშემორტყმულ მინდორზე.
იქამდე უცნობი შვიდი ძეგლის დამატებით, აღმოჩენილ ჭურჭელთა რაოდენობამ 797-ს მიაღწია, სხვადასხვაა მათი შემონახვის მდგომარეობა და განფენილია 300 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე. როგორც ჩანს, გიგანტურ ქილებს განზრახ ათავსებდნენ ქედებსა და ბორცვებზე, საიდანაც დაბლობების ხედები იშლებოდა.
ამას გარდა, არქეოლოგებმა ვერც ერთი ძელგის სიახლოვეს ჯერ ვერ იპოვეს ქვიშაქვის წყაროები, რომლისგანაც ქილებია გამოკვეთილი.
„ჯერ კიდევ არ ვიცით, ვინ გააკეთა ეს გიგანტური დოქები ან სად ცხოვრობდნენ ისინი. ეს საკითხი საიდუმლოებით არის მოცული“, — ამბობს სკოპალი.
თუმცა, არსებობს მინიშნებათა კვალი, რომელიც მიუთითებს, რომ ლაოსის ქილების მსგავსად, ასამის ქილებსაც მიცვალებულთა დასაკრძალად იყენებდნენ.
მილსი და ჰატონი თავის დროზე იუწყებოდნენ, რომ ერთ-ერთ ქილაში კრემირებული ძვლების ფრაგმენტები იყო. 1930-იან წლებში, ბრიტანელი ანთროპოლოგი ურსულა გრაჰამ ბოუერი ზემი-ნაგას ხალხთან ერთად ცხოვრობდა; მისი მოხსენებების მიხედვით, ზემის ხალხს სჯეროდა, რომ ეს ქილები ამჟამად დაკარგული სიემის ხალხის შექმნილი იყო, რომლებიც მათ ადამიანთა დასაკრძალად იყენებდნენ.
„არსებობს ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში ამჟამად მცხოვრები ეთნიკური ჯგუფის, ნაგას ხალხის გადმოცემები, რომელთა მიხედვითაც, მათ ნაპოვნი ჰქონდათ კრემირებული ნარჩენებით, მძივებით და სხვა არტეფაქტებით სავსე ქილები“, — აღნიშნავს სკოპალი.
სავარაუდოდ, ასამის შტატში, გაუვალი ტყეებით დაფარულ მაღლობებში კიდევ ბევრი ასეთი ძეგლი იმალება, რადგან მკვლევრებმა მხოლოდ შეზღუდული, მცირე ზონა შეისწავლეს. მათი განცხადებით, ეს ძლიერ მნიშვნელოვანია ასამის შტატის მემკვიდრეობის დასაცავად, რადგან ადამიანთა საცხოვრებელი ზონა გამუდმებით ფართოვდება. დამატებითი ექსპედიციები ჩატარდება ასამის, მეგჰალაიასა და მანიპურის შტატებში.
„როგორც ჩანს, დღეს ინდოეთში აღარ სახლობს ამ ქილებთან დაკავშირებული რომელიმე ეთნიკური ჯგუფი, რაც იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მათი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. რაც უფრო გვიან ვიპოვით ამ ჭურჭლებს, მით უფრო დიდია მათი განადგურების შანსი, რადგან ამ ზონებში სულ უფრო მეტ სასოფლო-სამეურნეო კულტურას თესავენ და ტყეებსაც ჩეხავენ“, — ამბობს ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის არქეოლოგი ნიკოლას სკოპალი.
უფრო მეტი ძეგლის პოვნა კი არქეოლოგებს ასევე დაეხმარება არა მხოლოდ იმის გარკვევაში, რისთვის გამოიყენებოდა ეს ქილები, არამედ ამ იდუმალი ხალხის მემკვიდრეობის თავმოყრაშიც.
კვლევა ჟურნალ Asian Archaeology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია anu.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.