იმერეთის რეგიონში გადამზადებული მოხალისეები საჭიროების მქონე მოქალაქეებს ეხმარებიან
იმერეთის რეგიონში გადამზადებული მოხალისეები საჭიროების მქონე მოქალაქეებს ეხმარებიან

ქუთაისში ამ დროისთვის 100 მოხალისეა მობილიზებული, ყველა მათგანი გადამზადებულია „წითელი ჯვრის“ მიერ. ერთ კვირაზე მეტია, მოხალისეებს ყოველდღიურად საკვები მიაქვთ ქუთაისის ა(ა)იპ „მადლიერების სახლის“ ბენეფიციარებისთვის. ასევე, საკვები პროდუქტები დაურიგეს ქალაქში რეგისტრირებულ 600-მდე 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცს. გარდა ამისა, თუ რომელიმე მათგანს დასჭირდება რაიმე სახის დახმარება, მოხალისეები მზად არიან დასახმარებლად, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ამ ასაკის ადამიანების თვითიზოლაცია და სახლიდან არ გავიდნენ. მოხალისეები „ლიბერთი ბანკის“ თხოვნით, არეგულირებენ რიგებს ბანკომანტებთან, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით. ასევე, ქალაქის მასშტაბით, მონიტორინგს უწევენ ფასების ცვალებადობას პროდუქტებზე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ამ დროის მონაცემებით, 30 მოხალისე ირიცხება, რომლებიც „წითელმა ჯვარმა“ გადაამზადა. მოხალისეები ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მათივე საჭიროებებიდან გამომდინარე, ასევე, უფასო სასადილოს ხანდაზმულ ბენეფიციარებს საკვების შინ მიტანას უზრუნველყოფენ. გარდა ამისა, ამოწმებენ მაღაზიების და აფთიაქების სანიტარულ ნორმებს და მონიტორინგს უწევენ არსებული რეგულაციების და წესების დაცვას.

წყალტუბოში 56 გადამზადებული მოხალისეა, თუმცა მათი რიცხვი იზრდება, მოხალისეები ეხმარებიან „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს და 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, ასევე, ისინი დაარეგულირებენ რიგებს ბანკებსა და სასურსათო მაღაზიებში.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 150 მოხალისეა რეგისტრირებული. „წითელმა ჯვარმა“ უკვე გადაამზადა რამდენიმე ჯგუფი, დღესაც მიმდინარეობს ტრენინგი.

ხონის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია 70-მდე მოხალისე, “წითელმა ჯვარმა“ ტრენინგი უკვე ჩაუტარა 30 მათგანს და გადამზადება დღესაც აქტიურად მიმდინარეობს.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში 15 მოხალისე ირიცხება. ასევე, მიმდინარეობს მოხალისედ რეგისტრაციის პროცესიც. მოხალისეები საინფორმაციო ბროშურებს არიგებენ სხვადასხვა დაწესებულებებში, სურსათის მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებში, ასევე ჩაერთნენ 70 წელს გადაცილებულ პენსიონერთათვის სურსათის და მედიკამენტების მიწოდებაში.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მერიის მობილიზებით, ჩამოყალიბდა 20-კაციანი ჯგუფი. მოხალისეებს, 22 მარტს, „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა ჩაუტარეს ტრენინგი და საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე დავალებების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს და საჭიროებების შემთხვევაში შესაბამის აქტივობებს განახორციელებენ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოხალისეთა 135-კაციანი ჯგუფი ჩამოყალიბდა. ტრენინგი „წითელი ჯვრის“ ჭიათურის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა უკვე ჩაუტარეს და რეკომენდაციები მისცეს. მოხალისეები დღეს დილიდან იცავენ წესრიგს „ლიბერთი ბანკში“, ასევე ბანკომატებთან, რათა მოქალაქეებმა დისტანციურად შეძლონ პენსიის აღება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 15 მოხალისეა გადამზადებული, დღეს დილით მერიის დაფინანსებით მოხალისეებმა, მაღალმთიან სოფელ გოლათუბანში მცხოვრებ ორ ოჯახს, რომლებიც არიან შშმ პირები და არ ჰყავთ მარჩენალი, მიუტანეს საკვები პროდუქტები და ჰიგიენის ნივთები. ასევე, მონაწილეობას იღებენ ხარაგაულის საჯარო დაწესებულებების და სასურსათო მაღაზიების დეზინფექციაში, ხვალ დილიდან კი დაარეგულირებენ რიგებს ბანკთან.

საჩხერის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 15 მოხალისეა მობილიზებული, რომლებიც „წითელმა ჯვარმა“ დაატრენინგა. აქტივობების ამ მიმართულებით დაგეგმარება უკვე დაიწყო და შესაბამისი დავალებებიც გაიცა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფი 15-კაციანი შემადგენლობით, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა დახმარებას უწევს 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებსა და სხვადასხვა საჭიროების მქონე მოქალაქეებს, არეგულირებს რიგს ბანკომატებთან, სავაჭრო დაწესებულებებთან, ასევე მონაწილეობს თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეთა კონტროლში.

ვანის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 10 მოხალისეა მობილიზებული, რომლებიც წითელმა ჯვარმა გადაამზადა. ისინი არეგულირებენ რიგებს ბანკებთან და კონტროლს უწევენ თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და მისი მოადგილეები, მონიტორინგის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში ჩადიან და მოხალისეებისგან, ადგილზე დეტალურად ეცნობიან ინფორმაციას განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

იმერეთის რეგიონში ამ ეტაპზე 650-მდე მოხალისეა მობილიზებული, თუმცა მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.