იმერეთის გუბერნატორი რეგიონის 554 სოფელში მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე რეგიონის 554 სოფელში ჩასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გუბერნატორი უკვე იმყოფებოდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის 25 სოფელში, სადაც მოსახლეობას შეხვდა და პირადად გააცნო ინფორმაცია „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ, რომელიც 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ახლებური სახით აღდგა. პროგრამის თანახმად, უშუალოდ მოსახლეობა ირჩევს, რა უნდა გაკეთდეს სოფელში.
„გარდა ამისა, მხარის რწმუნებული ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებსა და პრიორიტეტებს. სოფლის მაცხოვრებლები სასმელი წყლის სისტემისა და გზების მოწესრიგებას, გაზიფიცირებას, ასევე სკოლამდელი დაწესებულებებისა და სპორტული მოედნების მშენებლობა–რეაბილიტაციას ითხოვენ“, – აცხადებენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურში.
ჭიათურის შემდეგ, გუბერნატორი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩავა.
სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ცნობით, რეგიონის მასშტაბით შეხვედრების დასრულების შემდეგ შეიქმნება ერთიანი ბაზა, განისაზღვრება ყველა პრიორიტეტი და ეტაპობრივად მოხდება მათი ასახვა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში.