გასული ოთხი წლის განმავლობაში, ილონ მასკი და მარკ ცუკერბერგი ერთმანეთს არაერთხელ დაუპირისპირდნენ, ხელოვნური ინტელექტის საკითხით დაწყებული, რაკეტების თემით დამთავრებული.
Tesla-ს და SpaceX-ისა და ტექ-ის მფლობელები მათ შორის არსებულ მეტოქეობას არც მალავენ. 2016 წელს, როდესაც SpaceX-ის რაკეტის აფეთქებას Facebook-ის თანამგზავრი შეეწირა, ცუკერბერგმა მწვავე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ SpaceX-ის მარცხით ღრმად იმედგაცრუებული იყო. ხოლო როდესაც Facebook-ი Cambridge Analytica-ს სკანდალში გაეხვა, მასკმა გახმაურებულად წაშალა კომპანიის Facebook-გვერდები.
ორი მილიარდერი პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა შორის არის. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობს და მათი კომპანიები წარსულში თანამშრომლობდნენ, აშკარაა, რომ მათ ერთმანეთი დიდად არ ეხატებათ გულზე.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ფაქტს მათ შორის გაჩაღებული ქიშპობის დასაწყისისა და შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ.
მასკისა და ცუკერბერგის შუღლი სათავეს სულ მცირე 2016 წელს იღებს, როდესაც SpaceX-ის რაკეტის აფეთქებას Facebook-ის თანამგზავრი შეეწირა.
2016 წლის სექტემბერში, ფლორიდის კანავერალის კონცხზე SpaceX-ი საკუთარ რაკეტა Falcon 9-ს ტესტავდა. ამ დროს რაკეტა აფეთქდა და გაანადგურა Facebook-ის თანამგზავრი AMOS-6, რომელიც მას ორბიტაზე უნდა გაეტანა.
თანამგზავრი Facebook-ის პროექტ Internet.org-ის ნაწილი იყო, კომპანიის პირველი თანამგზავრი ორბიტაზე; ამ პროექტის მიზანი განვითარებადი სამყაროსთვის ინტერნეტის მიწოდება იყო.
გაშვების კრახმა ცუკერბერგი აღაშფოთა და Facebook-ზე დაწერა, რომ „ღრმად იმედგაცრუებული ვარ SpaceX-ის რაკეტის გაშვების კრახით, რასაც შეეწირა ჩვენი თანამგზავრი, რომელსაც მრავალი მეწარმისა და ყველა მსურველისთვის მთელი კონტინენტის მასშტაბით ინტერნეტი უნდა მიეწოდებინა“.
ორი წლის შემდეგ, წარუმატებელ გაშვებას მასკი ჟურნალისტ კერი ფლინის ტვიტში გამოეხმაურა.
„დიახ, ჩემი ბრალია, რომ იდიოტი ვარ. გაშვება ჩვენ მათ უფასოდ შევთავაზეთ და ვფიქრობ, დაზღვევაც ჰქონდათ“, — დაწერა მასკმა.
2017 წელს ცუკერბერგმა ხელოვნური ინტელექტისადმი მასკის შეხედულებები გააკრიტიკა.
Facebook-ის ლაივსტრიმის დროს, მაყურებელმა ცუკერბერგს ჰკითხა, რას ფიქრობდა ხელოვნური ინტელექტისადმი მასკის შიშების შესახებ.
„ამის შესახებ საკმაოდ ჩამოყალიბებული აზრი მაქვს. ხელოვნური ინტელექტისადმი ძლიერ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ნამდვილად არ მესმის ადამიანების, რომლებიც მას აკრიტიკებენ და ასეთ აპოკალიფსურ სცენარებს განიხილავენ. ეს ნამდვილად უარყოფითია და გარკვეულწილად საკმაოდ უპასუხისმგებლოც“, — აღნიშნა ცუკერბერგმა.
მასკმა, რომელიც გამუდმებით მოითხოვდა რეგულაციებსა და სიფრთხილეს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მიმართ, ცუკერბერგს Twitter-ზე უპასუხა.
„მარკს ვესაუბრე. ამ თემის შესახებ მას დიდი ცოდნა არ აქვს“, — დაწერა მასკმა.
2018 წელს, Cambridge Analytica-ს სკანდალში Facebook-ის გახვევის შემდეგ, მასკმა საჯაროდ წაშალა SpaceX-ისა და Tesla-ს Facebook-გვერდები.
მას შემდეგ, რაც WhatsApp-ის თანადამფუძნებელმა ბრაიან ექტონმა Twitter-ზე დაწერა „დროა, #deletefacebook“, მასკმა უპასუხა „რა არის Facebook-ი?“
ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მასკს ჰკითხა, წაშლიდა თუ არა SpaceX-ის Facebook-გვერდს, რაზეც მასკმა უპასუხა, „ვერც ვხვდებოდი, რომ ასეთი გვერდი გვქონდა. წავშლი“.
როდესაც კიდევ ერთმა ფანმა მას Tesla-ს გვერდიც შეახსენა, მასკმა უპასუხა, რომ ამ გვერდსაც იგივე ბედი ელოდა.
ცოტა ხანში, SpaceX-ისა და Tesla-ს გვერდები Facebook-დან გაქრა, რაზეც მასკმა განაცხადა, რომ ეს პოლიტიკური განცხადება კი არ იყო, არამედ მან უბრალოდ აღმოაჩინა, რომ Facebook-ი შემაწუხებელი იყო.
Facebook-ის საწინააღმდეგო კამპანია მასკმა 2020 წლიდან გააგრძელა.
მსახიობ საშა ბარონ კოენის ტვიტის საპასუხოდ, რომელიც Facebook-ზე უფრო მეტ რეგულაციას ითხოვდა, მასკმა ხალხს აპლიკაციის წაშლისკენ კვლავ მოუწოდა.
აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მომხრეების შეჭრის შემდეგ, მასკმა Twitter-ზე გააზიარა მემები, რომლებიც არეულობას Facebook-ს უკავშირებდა
ვაშინგტონში მომხდარი არეულობის საღამოს, მასკმა დაწერა, რომ „ამას დომინოს ეფექტი ეწოდება“, იქვე გააზიარა დომინოს ქვების ფოტოც.
მასკმა ასევე გააკრიტიკა Facebook-ის მონაცემთა გაზიარების პრაქტიკა — გააზიარა კიდევ ერთი მემე, რომელიც ახსენებდა, რომ კომპანია საკუთარი პლატფორმა WhatsApp-ის მომხმარებლებს „უთვალთვალებდა“, რადგან მათ პერსონალურ მონაცემთა Facebook-ისთვის გაზიარებას აიძულებს.
შემდეგ მასკმა დაწერა, რომ ხალხმა უნდა გამოიყენოს Signal-ი, დაშიფრული სამესიჯო აპლიკაცია; მისი ტვიტი გადააზიარა Twitter-ის ხელმძღვანელმა ჯეკ დორსიმაც.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.