ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიური საბჭოს წევრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიური საბჭოს წევრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება.
როგორც შეხვედრამდე სტუდენტებმა განაცხადეს, კითხვები აქვთ საბჭოს იმ წევრების მიმართ, რომლებმაც რეორგანიზაციაზე მსჯელობისას მხარი დაუჭირეს ბიზნესის სკოლის შეერთებას მენეჯმენტის, ტექნოლოგიების განვითარების ფაკულტეტთან და ამავე დროს, გიორგი ქადაგიძის ბიზნესის სკოლის დეკანობიდან გათავისუფლებას.
ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორებისა და აკადემიური პერსონალის ნაწილი ბიზნესის სკოლის სტატუს-კვოს დაბრუნებასა და პროცესში ყველას ჩართულობის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
როგორც აკადემიური საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ჯანა ჯავახიშვილმა განაცხადა, გიორგი ქადაგიძე საბჭოს სხდომას ბოიკოტს უცხადებდა, ამის გამო კი, მან როგორც სტუდენტებისა და ადმინისტრაციის დამაკავშირებელმა რგოლმა, ვერ იმუშავა.
გიორგი ქადაგიძის განმარტებით კი, რექტორმა გიგა ზედანიამ რეორგანიზაცია მისი თანამდებობიდან ჩამოშორების მიზნით დაიწყო, რადგან დეკანად საქმიანობისას მას არაერთხელ გამოუთქვამს პრეტენზია საუნივერსიტეტო ფინანსების გაუმჭვირვალობასთან და 60 მილიონიანი ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს სტუდენტების განათლების ხარისხზე ნეგატიურად აისახება.