ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრას ითხოვენ
ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრას ითხოვენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების აქცია მიმდინარეობს. ისინი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრას მოითხოვენ.

სტუდენტები ამბობენ, რომ ეწინააღმდეგებიან ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ბიზნესის სკოლა მენეჯმენტის, ტექნოლოგიების განვითარების ფაკულტეტს შეუერთდა და გიორგი ქადაგიძე ბიზნესის სკოლის დეკანობიდან გაათავისუფლეს.

აკადემიური საბჭოს ერთ-ერთი წევრი ჯანა ჯავახიშვილი ამბობს, რომ სტუდენტებთან საქმიან ფორმატში რამდენიმე შეხვედრა აუცილებლად შედგება და სტუდენტები ამის შესახებ ინფორმირებული არიან.

აკადემიური საბჭოს წევრის თქმით, რეფორმები საუნივერსიტეტო ცხოვრების ნაწილია. რაც შეეხება ბიზნესის სკოლის რეფორმის შესახებ სტუდენტების ინფორმირებას, მისი თქმით, გიორგი ქადაგიძე საბჭოს სხდომას ბოიკოტს უცხადებდა, ამის გამო კი მან, როგორც სტუდენტებისა და ადმინისტრაციის დამაკავშირებელმა რგოლმა, ვერ იმუშავა.

გიორგი ქადაგიძის განმარტებით კი, რექტორმა გიგა ზედანიამ რეორგანიზაცია მისი თანამდებობიდან ჩამოშორების მიზნით დაიწყო, რადგან დეკანად საქმიანობისას მას არაერთხელ გამოუთქვამს პრეტენზია საუნივერსიტეტო ფინანსების გაუმჭვირვალობასთან და 60 მილიონიანი ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს სტუდენტების განათლების ხარისხზე ნეგატიურად აისახება.

რექტორის განმარტებით, მსგავსი რეორგანიზაცია უნივერსიტეტში ხშირად ხორციელდება და ის პიროვნული მოტივით არ არის ნაკარნახევი.

რაც შეეხება ფინანსების გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებულ ბრალდებას, ზედანიას თქმით, ეს სიცრუეა, რასაც სახელმწიფო და საერთაშორისო აუდიტების დასკვნებიც ადასტურებენ.