ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია - ეზოს კეთილმოწყობისა და საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, მერიასთან ამ პროექტს შეხება არ აქვს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია - ეზოს კეთილმოწყობისა და საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, მერიასთან ამ პროექტს შეხება არ აქვს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ქეთევან ლაკირბაიას განცხადებით, უნივერსიტეტის ეზოს კეთილმოწყობისა და საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენეს გრუპი“ ახორციელებს.

როგორც ლაკირბაია აცხადებს, ტერიტორიაზე, სადაც დღეს უბედური შემთხვევის შედეგად მუშა დაიღუპა, ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონტრაქტორი კომპანიაა პასუხისმგებელი.

„სამუშაოები მიმდინარეობს ილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. ეს არის A და E კორპუსის ეზოების რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც ახორციელებს ჩვენი კონტრაქტორი კომპანია „ენეს გრუპი“. ეს არის ტენდერში გამარჯვებული კომპანია. ზაფხულში გამოვაცხადეთ ჩვენ ეს ტენდერი და აგვისტოში ტენდერში გამარჯვებულთან გავაფორმეთ ხელშეკრულება. ოქტომბრის დასაწყისში უნდა მორჩნენ და დაასრულონ სარეაბილიტაციო სამუშაოები საკანალიზაციო სისტემის და ეზოს კეთილმოწყობის.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ჩვენი კონტრაქტორი კომპანია, ჩვენ ხელშეკრულებით დავარეგულირეთ, რომ მშენებლობაზე სამუშაოების უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონტრაქტორი კომპანია არის პასუხისმგებელი. ჩვენ უბრალოდ პროექტის ავტორები ვართ. მერიის მიერ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამასთან კავშირი არ აქვს, ეს არის ცალკე პროექტი, ილის უნივერსიტეტის პროექტი. ჩვენი გამოცხადებული ტენდერია და მერიასთან ამ პროექტს შეხება არ ჰქონია“,- აცხადებს ქეთევან ლაკირბაია.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად დღეს მუშა დაიღუპა. შემთხვევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მოხდა.