ილია ღუდუშაური - პირველი ეტაპისთვის შერჩეულ მედიკამენტებზე ზედა ზღვრის დაწესებით, ფასის 40 პროცენტამდე შემცირებას ველოდებით, ფასების ამ პოლიტიკას ეტაპობრივად გავაფართოებთ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, პირველი ეტაპისთვის შერჩეულ მედიკამენტებზე ზედა ზღვრის დაწესებით, ფასის 40 პროცენტამდე შემცირების მოლოდინი აქვთ. მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი შემცირება იქნება.
ამასთან, როგორც ილია ღუდუშაური ამბობს, თანდათან გაფართოვდება იმ მედიკამენტთა ჩამონათვალი, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი დაწესდება.
„იანვრის თვიდან ძალაში შედის მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, გარკვეულ მედიკამენტებზე ფასის მაქსიმალური ზღვარი დაწესდება. რეფერენტული ფასების პოლიტიკის შემოღების მთავარი განმაპირობებელი იყო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ჩვენ ველოდებით, რომ შერჩეულ მედიკამენტებზე, რომლებზეც პირველ ეტაპზე გავრცელდება რეგულირება, ფასი დაახლოებით 40 პროცენტით შემცირდება და ეს იქნება მნიშვნელოვანი შემცირება. გეგმის მიხედვით, ჩვენ დავაკვირდებით ბაზარს და დავაკვირდებით ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც უნდა შეეგუონ ახალ რეგულაციებს, გადააწყონ თავიანთი ბიზნესპროცესები და შემდეგი წლის განმავლობაში ეტაპობრივად გავაფართოებთ რეფერენტული ფასების პოლიტიკას სხვა მედიკამენტებზეც. ამ ეტაპზე რეგულაცია შეეხება დაახლოებით 50 მედიკამენტს, 50 მოლეკულას, რომლებიც, საერთო ჯამში, ბაზარზე 1 200-მდე განსხვავებულ პროდუქტს მოიცავს და ძირითადად ონკოლოგიური, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებია“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.