ილია ელოშვილი - საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში უნდა მივიღოთ ისეთი რეფორმა, სადაც მომხმარებელი ერთიან სამართლიან ტარიფს მიიღებს
მოსახლეობას ე.წ სოციალური გაზი მიეწოდება. ეს თავისთავად სუბსიდირებული რესურსია, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ილია ელოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა კომპანია იღებს სუბსიდირებულ გაზს, რომელსაც თავისი ფასი აქვს და ის აბსოლუტურად ყველა კომპანიისთვის ერთნაირია“, – განაცხადა ელოშვილმა.
გადაცემის წამყვანის, მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, მოხდა თუ არა სახელმწიფოს მიერ ხუთთეთრიანი სუბსიდირების მოხსნა, ილია ელოშვილმა აღნიშნა, რომ ხუთთეთრიანი სუბსიდირება დროებითი მოვლენა იყო.
„სახელმწიფოს მხრიდან მთელი სექტორი სუბსიდირებულია. ხუთთეთრიან სუბსიდირებას რაც შეეხება, ეს დროებითი მოვლენა იყო და მის მოხსნას ამ შემთხვევაში შედეგზე გავლენა არ აქვს, რადგან გაზი, რომელიც „სოკარიდან“ „ყაზტრანსგაზს“ და მცირე კომპანიებს მიეწოდება, დღეს უფრო იაფია, ვიდრე იმ პერიოდში, როცა გაზის მიწოდების ფასი სახელმწიფოს მიერ იყო სუბსიდირებული“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
როგორც ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, საბოლოო ჯამში, საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში, რომელიც საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში ხორციელდება, სახელმწიფო იქითკენ უნდა წავიდეს, რომ კერძო კომპანიების საკუთრების სრული დაცვით, ისეთი სისტემა მივიღოთ, სადაც მომხმარებელი ერთიან სამართლიან ტარიფს მიიღებს და სხვადასხვა კომპანიების ტარიფებზე დამოკიდებული აღარ იქნება.
მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს სატრანზიტო გამტარუნარიანობის ზრდა.
„მთავრობამ ძალიან ქმედითი ნაბიჯები გადადგა და ახალი ნაკადების განვითარებაზე აქტიურად მუშაობს. ჩვენ ვპოზიციონირებთ, როგორც სერიოზული სატრანზიტო ქვეყანა და ჩვენ მივიღებთ დამატებით სოციალურ გაზს. ეს იქნება გაცილებით იაფი გაზი, რომელსაც ჩვენი მეზობლებისგან ვიღებთ. ამას სახელმწიფო ისევ სოციალური კუთხით გამოიყენებს, რათა მოსახლეობას სოციალური ყოფა შეუმსუბუქოს, თუ ახალი ეკონომიკური ერთეულები შექმნისთვის გამოიყენებს, ეს ხედვაზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც ეკონომიკური გუნდი და დიდ ნაწილში, ახალი სამინისტრო განსაზღვრავს“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.
ილია ელოშვილმა ენერგეტიკის სამინისტროს შერწყმასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სამინისტრო არ უქმდება.
„ხდება მისი გაერთიანება და იქმნება უფრო ძლიერი სამინისტრო. ენერგეტიკის ფრთა ყოველთვის უფრო ძლიერად იქნება წარმოდგენილი. ადამიანს, რომელიც ამ ახალი, უფრო ძლიერი სამინისტროს მმართველად არის დასახელებული, ენერგეტიკის დარგში ძალიან სერიოზული საკითხები მიჰყავდა. ჩვენ ვცდილობთ, გადაბარების პროცესი ჰარმონიულად წარიმართოს“, – განაცხადა მინისტრმა.
ვარკეთილისა და დიდი დიღმის მოსახლეობის ნაწილი ახალი წლიდან ბუნებრივი აირის ახალ ტარიფზე გადავა. „ვარკეთილაირის“ 14500 და “დიდი დიღმის” 11000 აბონენტს, გაზზე გადასახადი 5 თეთრით უძვირდება.