ილია ელოშვილი - მზად ვართ, გავცეთ ნებართვა კომპანია „სვეტის“ გარკვეულ ობიექტებზე, რათა მშენებლობა განაახლონ
მოვთხოვთ კომპანია „სვეტს“, უახლოეს დღეებში განაახლოს მშენებლობა ძირითად ობიექტებზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს კომპანია არის სიცოცხლისუნარიანი და შეუძლია დაასრულოს ყველა ობიექტი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მენაშენეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, კომპანია „სვეტს“ ნებართვების გარეშე ჰქონდა დაწყებული მშენებლობები, რის გამოც შეუჩერდათ სანებართვო პროცედურები.
„ამის შემდეგ ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავეთ კომპანისთან. ამ ეტაპზე ვართ მისულები იმ სტადიაზე, როცა უკვე მზად ვართ, გავცეთ ნებართვა ამ კომპანიის გარკვეულ ობიექტებზე, რათა მათ განაახლონ მშენებლობა. ჩვენ მოვთხოვთ კომპანია „სვეტს“, უახლოეს დღეებში განაახლოს მშენებლობა ძირითად ობიექტებზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს კომპანია არის სიცოცხლისუნარიანი და შეუძლია დაასრულოს ყველა ობიექტი. ჩვენ მოსახლეობასთან ერთად ამ პროცესს ყურადღებით დავაკვირდებით. თუ აღმოჩნდება, რომ კომპანია არის უუნარო, ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ, რომ მოსახლეობა არ დარჩეს დაზარალებული“, – აღნიშნა ელოშვილმა.
თბილისის მერიაში სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მენაშენეების საინიციატივო ჯგუფისა და დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შეხვედრა დასრულდა. ჯერ უცნობია, შეწყვეტენ თუ არა მენაშენეები შიმშილობას.