ილია ელოშვილი - ექსპერტიზის დასკვნა ამბობს, რომ 109-ე ბაღის შენობის საძირკველში სერიოზული პრობლემებია
სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა ამბობს, რომ 109-ე ბაღის შენობის საძირკველში სერიოზული პრობლემებია და ამ შენობის დემონტაჟი უნდა მოხდეს, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იყო თუ არა მერიასთან ბაღის პედაგოგებისა და მშობლების დაპირისპირება მერიის შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან არასათანადო კომუნიკაციის შედეგი, ილია ელოშვილმა განაცხადა, რომ ვიდრე სამხარაულის ბიურო ბაღების სააგენტოს დასკვნას საბოლოოდ არ გადასცემდა, პანიკას ერთი დღით ადრე ვერ ატეხდნენ, რადგან ამის უფლება არ აქვთ.
„მანამდე პანიკის დათესვის უფლება არ გვაქვს, რადგან შესაძლოა, გარკვეული გადაფასება საბოლოო წუთშიც მოხდეს, მაგრამ იმ წუთიდანვე, როცა სამხარაული გვეუბნება, რომ მიღება-ჩაბარების აქტით ბაღის შენობის ავარიულობასა და მისი დემონტაჟის საჭიროებას საბოლოოდ ადასტურებს, ჩვენ არც ერთი წუთი აღარ გვაქვს, მოსახლეობასთან მივიდეთ და ვუთხრათ, მოდით, ბავშვები აქ კიდევ ათი დღე დავტოვოთ“, – განაცხადა ელოშვილმა.
თბილისის მერის მოადგილის თქმით, ანალოგიური პროცესი ხუთ ბაღში წარიმართა და ბავშვების მიმდებარე ბაღებში გადაყვანა მოხდა, მაგრამ იქ პროცესს ასეთი მწვავე ფორმა არ მიუღია.