ილია ელოშვილი - ამხანაგობების დაფინანსების ახალი ფორმის დეტალები დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი ფორმის დეტალები დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ორგანიზაციებს გამგეობამდე მიაქვთ ინფორმაცია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემის შესახებ, ამის შემდეგ სახელმწიფო დაფინანსებით ხდება პრობლემის მოგვარება.
“დაახლოებით 30 მილიონი ლარი იხარჯება ყოველწლიურად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ წარმოდგენილი პროექტებზე. პრობლემა რასაც ვხედავთ არის ის, რომ ეს ყველაფერი ხდება ტენდერების გარეშე. ჩვენთვის მიუღებელია, რადგან სახელმწიფოს თანხები უნდა დაიხარჯოს ტენდერით. ესაა ერთადერთი გზა თანხის ეფექტურად განკარგვისთვის. მეორე საკითხი რაც გვინდა, ახალი მოდელით დარეგულირდეს, მოსახლეობის მეტი ჩართულობის უზრუნველყოფაა. გვინდა, რომ ბინათმესაკუთრეებმა მოუარონ საკუთარ ქონებას. ისინი ასევე უნდა დაგვეხმარონ საკუთარ მიკროუბნებში არსებული ეკონომიკური შესაძლებლობების განსაზღვრაში. მოსახლეობასთან მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად. შეიძლება კონკრეტული პროექტების ნაწილი მერიამ დააფინანსოს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი ფორმის დეტალები დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი. მერია გამგეობებთან და ამხანაგობებთან თანამშრომლობს. შესაძლოა, პროექტი მომდევნო მთავრობის სხდომაზე განსახილველად მზად იყოს”, – განაცხადა ილია ელოშვილმა.