ილია ელოშვილი აცხადებს, რომ ვარკეთილის ბაზრობის მოვაჭრეების დიდი ნაწილი ანაზღაურებას ზარალის შესაბამისად მიიღებს
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ვარკეთილის ბაზრობის დირექტორს, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებსა და გამგებელს შეხვდა.
ამასთან, მერის მოადგილემ ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრისას დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვედრის დეტალები პირადად გააცნო. მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ექსპერტები ტერიტორიაზე მუშაობას დაასრულებენ, ყველა მოვაჭრეს ზარალი ინდივიდუალურად აუნაზღაურდება. ასევე, მოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი გამოეყოფათ, სადაც საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ.
„მცდარია ინფორმაცია, თითქოს რაღაც საბუთები არის განადგურებული. არანაირი საბუთი არ განადგურებულა. ვიცით ყველა მოვაჭრე ინდივიდუალურად, გვაქვს ინფორმაცია. შესაბამისად, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები იმისთვის, რომ ინდივიდუალურად მოხდეს მათთან ერთად ზარალის დათვლა და შეფასება. სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ მიერ იყო დაზღვეული, მესამე პირების დაზღვევაც არის და ეხება დაზარალებულებს. უდიდესი ნაწილი ამ დაზარალებულების მიიღებს ანაზღაურებას თავისი ზარალის შესაბამისად. არის რაღაც კატეგორია დაზარალებულების, რომლებსაც გარკვეული საბუთები თავადვე არ აქვთ მოწესრიგებული და რთულია, უბრალოდ ნახვა თუ კონკრეტულად, რა ზარალი მიიღო ამ ხალხმა, თუმცა მათთვისაც აქვს შეთავაზება ადმინისტრაციას ჯერჯერობით, ეს არის 500 ლარი კვადრატულზე, მაგრამ ამ კატეგორიასთან ჩვენ ჩავერთვებით და ვნახავთ, რამდენად სამართლიანად სწორიაო“, – აცხადებს ილია ელოშვილი.