ილია ელოშვილი - 2015 წელს 109-ე ბაღს რემონტი ჩაუტარდა და არა რეაბილიტაცია
ილია ელოშვილი - 2015 წელს 109-ე ბაღს რემონტი ჩაუტარდა და არა რეაბილიტაცია

არ ვიცით, 2015 წელს იყო თუ არა 109-ე ბაღი ავარიული. ექსპერტიზის დასკვნა იმისთვის არ მომზადებულა, რათა პასუხი გაეცა კითხვაზე, ბაღის ავარიულად გადაქცევა როდის მოხდა და რამ გამოიწვია, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

ამ განცხადებით თბილისის მერის მოადგილემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, თუ ბაღის შენობა დემონტაჟს საჭიროებს, მისი რეაბილიტაციისთვის ორი წლის წინ 300 000 ლარზე მეტი რატომ დაიხარჯა და აპირებს თუ არა მერიის მოქმედი ხელმძღვანელობა ამ საკითხის შესწავლას.

„ეს ჩვენი ამოცანა არ იყო. ახლა ჩვენ ძალიან შეზღუდული ვადები გვაქვს, რადგან არის 170 ბაღი, მუშაობა ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და იმის ფუფუნება არ გვაქვს, ვიკვლიოთ, ეს რატომ მოხდა, ან იმის ალბათობა ერთი პროცენტით მაინც დავუშვათ, რომ გარკვეული შეყოვნება მოხდეს, რადგან დამატებითი კვლევების ჩატარება ხდება“, – განაცხადა ელოშვილმა.

მისი თქმით, 2015 წელს 109-ე ბაღს რემონტი ჩაუტარდა და არა რეაბილიტაცია.

„რა თქმა უნდა, ამ 170-ვე ბაღში ჩვეულებრივი ცხოვრება მიმდინარეობდა, ხდებოდა რემონტიც, გადახალისებაც, ავეჯის შეძენაც და ა.შ. შესაბამისად, 109-ე ბაღიც ამ პროცესში მოყვა“, – განაცხადა ელოშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ხდებოდა თუ არა დავით ნარმანიას მერობის პერიოდში ბაღების შენობების მდგრადობის შემოწმება, ილია ელოშვილმა განაცხადა, რომ ბაღების სისტემური გადამოწმება აქამდე არ მომხდარა.

„ჩვენი მხრიდან შენობების ასეთი სისტემური გადამოწმება იმან გამოიწვია, რომ როცა ქალაქის მმართველობაში მოვედით, ერთ-ერთი, მე-6 ბაღი დაგვხვდა, საიდანაც ბავშვები სწორედ ამ მიზეზით იყვნენ გამოყვანილი. შესაბამისად, ახალმა ხელმძღვანელმა ბაღები შემოიარა და რამდენიმე ბაღში ვნახეთ, რომ ვიზუალურად საკმაოდ რთული მდგომარეობა იყო, რის შემდეგაც სამხარაულის ბიუროს ამ ბაღებზე დასკვნის გაკეთება შევუკვეთეთ. დასკვნებმა აჩვენა, რომ იყო ისეთი ბაღები, სადაც სწავლის პროცესის გაგრძელება შეუძლებელი იყო“, – განაცხადა ელოშვილმა.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ აღნიშნა, სამხარაულის ბიუროს მერიიდან ყველა ბაღის შემოწმებაზე აქვს დაკვეთა.

„11 ბაღზე ვიცით, რომ ავარიულია, მაგრამ ბავშვების გამოყვანა აუცილებელი არ არის. დაახლოებით, 12 ბაღია ისეთი, სადაც დემონტაჟია საჭირო და ბავშვების გამოყვანა 5 ბაღიდან უკვე მოხდა. 109-ე ბაღი უკვე მეექვსე იქნება და პროცესი აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.