ილია დარჩიაშვილი - ყველა ქვეყანას თავისი გამოწვევები აქვს, გამჭვირვალობა ერთადერთი მთავარი მექანიზმია, რათა საფრთხეები თავიდან იქნეს აცილებული
ესპანეთის საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ გამჭვირვალობა ევროპული სტანდარტია. გამჭვირვალობა სჭირდებათ ქვეყნებს, რათა განამტკიცონ სუვერენიტეტი, საკუთარ ქვეყანას ააცილონ გამოწვევები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
დარჩიაშვილს კითხვა დაუსვეს ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მედიისთვის წესების გამკაცრებას და დაფინანსების გამჭვირვალობას ითხოვს.
„რაც მეტი ქვეყანა იქნება გამჭვირვალე ამ მიმართულებით, მით მეტი საფრთხე იქნება თავიდან აცილებული. ყველა ქვეყანას აქვს თავისი გამოწვევები და ყოველთვის ვამბობდით, რომ გამჭვირვალობა ერთადერთი მთავარი მექანიზმია, რათა საფრთხეები თავიდან იქნეს აცილებული. რაც მეტი ქვეყანა მოახდენს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა თავიდან ავიცილოთ მესამე და არამეგობრული ჩარევები საზოგადოების ცნობიერებაზე, შიდა პოლიტიკებში, მით მეტი შესაძლებლობები ექნებათ ქვეყნებს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და განვითარების. არ ვიცნობ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ესპანეთში დაინიცირდა, მაგრამ ეს არის, რაზეც დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა. ალბათ აქედან გამომდინარეობს ის გადაწყვეტილებაც, რომელიც შეიძლება, ესპანეთის მთავრობამ მიიღოს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.