ილია დარჩიაშვილი - საქართველო მხარს უჭერს „მშვიდობის ფორმულის“ ინიციატივას, სრულად უერთდება საერთაშორისო ორგანიზაციებს და დგას უკრაინელი ხალხის გვერდით ამ მძიმე დროს
რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ იყო თავდასხმა საერთაშორისო წესრიგზე. ერთი წლის შემდეგ ჩვენ ისევ შევიკრიბეთ, რომ დავიცვათ ის პრინციპები, რაზეც ეს ორგანიზაცია დგას, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით გაერო-ს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, დარჩიაშვილმა „მშვიდობისა ფორმულის“ ინიციატივის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველო სრულად უერთდება საერთაშორისო ორგანიზაციებს და დგას უკრაინელი ხალხის გვერდით.
„უკრაინას, ჩვენს ქვეყნებს და ხალხებს სჭირდება მშვიდობა. ჩვენ ვდგავართ უპრეცედენტო მასშტაბის გლობალური გამოწვევების წინაშე – კლიმატური ცვლილებები, ბუნებრივი კატასტროფები, პანდემია, ტერორიზმი, რაც მოითხოვს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას, ჩვენს თანამშრომლობას, ძალიან ბევრი რამეა, რისი გაკეთებაც შეუძლია და უნდა გააკეთოს გაერო-მ.
მინდა, ხაზი გავუსვა „მშვიდობის ფორმულის“ ინიციატივის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველო მხარს უჭერს ამ ინიციატივას. საქართველო სრულად უერთდება საერთაშორისო ორგანიზაციებს ძალისხმევაში და დგას უკრაინელი ხალხის გვერდით ამ მძიმე დროს. საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების ინიცირება და განხორციელება მოახდინა. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩვენი ძლიერი და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.