ილია დარჩიაშვილი - საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური, ასევე დიპლომატიური და ჰუმანიტარული მიმართულებით
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დღიდან საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური, ისე დიპლომატიური და ჰუმანიტარული მიმართულებით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინისადმი სოლიდარობა გამოიხატება არა მხოლოდ ორმხრივ ფორმატში პრაქტიკული მხარდაჭერით, არამედ საქართველოს მტკიცე პოზიციებით, იქნება ეს რეზოლუციების თანაავტორობა, თანასპონსორობა თუ განცხადებებზე მიერთება ყველა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში.
„ომის დაწყების დღიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი ჩვენი მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობა 400-ს აღემატება. კერძოდ, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, საქართველომ მხარი დაუჭირა და დაასპონსორა 55 რეზოლუციას, გააკეთა 184 ეროვნული განცხადება, მიუერთდა ევროკავშირის 139 განცხადებას, 42 სხვა, ერთობლივ განცხადებას და სხვა სახის 24 ინიციატივას“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
ილია დარჩიაშვილის თქმით, ომის დაწყების დღიდან, საქართველო მნიშვნელოვან ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას, მათ შორის საქართველოში ჩამოსული 28 ათასზე მეტ უკრაინელს სხვადასხვა სოციალური პროგრამებსა და სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორის ამოქმედების გზით.
„ასევე, მოხდა უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვებისა და მათი თანმხლები პირების საქართველოში მოკლე ვადით ჩამოყვანა და ეს ჩვენი სამინისტროს მხარადჭერით განხორციელდა. 2022 წელს, საქართველომ პრეზიდენტის დონეზე მონაწილეობა მიიღო „ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის“ მეორე სამიტში და ქვეყანა მიუერთდა სამიტის ფარგლებში მიღებულ ერთობლივ განცხადებას. საქართველო პრემიერი მონაწილეობდა „ყირიმის პლატფორმის“ დამფუძნებელ შეხვედრაში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო ყირიმის პირველ საპარლამენტო სამიტში, რომელიც ზაგრებში გაიმართება“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.