ილია დარჩიაშვილი - ჩვენი ქვეყანა, დიპლომატიური სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა ძლიერი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას, კონკრეტულ შემთხვევებზე ყოველთვის კონკრეტული პოზიციები გვაქვს
ჩვენი დიპლომატიური სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა ძლიერი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.
ილია დარჩიაშვილმა უპასუხა დეპუტატ შალვა კერესელიძის კითხვას: „რატომ სდუმხართ ისეთ საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ თქვენი სამინისტროს პრეროგატივაა. ვგულისხმობ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის მობილიზაციას, უკრაინის დედაქალაქის ტერორისტული ფორმით დაბომბვას. როგორია თქვენი და თქვენი უწყების ხედვა. როდემდე აპირებთ, იყოთ ჩუმად. ეს დუმილი სტრატეგიის ნაწილი, თუ სხვა რამის ნიშანია“.
ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინიტროს კონკრეტულ შემთხვევებზე ყოველთვის კონკრეტული პოზიციები აქვს.
„ჩემი კონკრეტული მოხსენება ფოკუსირებული იყო, რას აკეთებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობა, რომ ჰქონდეს კონკრეტული პოზიცია ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საქართველო უკრაინასთან მიმართებით საკმაოდ თანმიმდევრულია ყველა განცხადებაში. შემთხვევით არ მოვიყვანე მონაცემები – 400-ზე მეტი განცხადება თუ რეზოლუცია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა შეუერთდა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დიპლომატიური სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა ძლიერი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად კონკრეტული პოზიცია ჰქონდეს. ამიტომ, ვერ მივიღებთ პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო დუმს. კონკრეტულ შემთხვევებზე ყოველთვის კონკრეტული პოზიციები გვაქვს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.