იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ორი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ხანდაზმული მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ერთი ახალგაზრდა ქალი კი ადგილზევე დაიღუპა. ასევე დაშავებულია ექვსი ადამიანი.
იერუსალიმის მერმა ქალაქში უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ განაცხადა. ხელისუფლებამ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა.
ორმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ცეცხლი იერუსალიმის შესასვლელში, გაჩერებაზე მყოფ ხალხს გაუხსნა. ისინი პოლიციამ ადგილზე „გაანეიტრალა“. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თავდასხმა ორმა პალესტინელმა ძმამ განახორციელა, რომლებიც „ჰამასის“ წევრები არიან და წარსულში ტერორისტული საქმიანობისთვის იყვნენ დაპატიმრებული.
როგორც შემთხვევის ადგილზე მისულმა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა განაცხადა, ისრაელმა ტერორს სამხედრო ზეწოლით უნდა უპასუხოს. მისი თქმით, საჭიროა ისრაელის მოქალაქეებისთვის იარაღის დარიგება.