იერუსალიმის მართლმადიდებლურ საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ისრაელის ავიაციის მიერ ღაზის სექტორში, ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის დაბომბვას 18 ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელის ავიაციის მიერ ღაზის სექტორში ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის დაბომბვას 18 პალესტინელი ქრისტიანი ემსხვერპლა. ქრისტიანულ ეკლესიას იძულებით გადაადგილებული ადამიანები აფარებდნენ თავს.
იერუსალიმის მართლმადიდებლურმა საპატრიარქომ, პალესტინის მთავარმა ქრისტიანულმა კონფესიამ განაცხადა, რომ ისრაელის ძალებმა დაარტყეს წმინდა პორფირის ეკლესიას ღაზაში, სადაც ასობით ქრისტიანი და მუსლიმი თავშესაფრით იყო უზრუნველყოფილი. სამოქალაქო თავდაცვის მუშაკმა თქვა, რომ ორი ადამიანი ზედა სართულზე გადარჩა, ქვედა სართულებზე მყოფები დაიღუპნენ და მათი ცხედრები კვლავ ნანგრევებშია.
„საპატრიარქო ხაზს უსვამს, რომ ეკლესიებისა და მათი დაწესებულებების სამიზნედ ქცევა, თავშესაფრებთან ერთად, რომლებიც უდანაშაულო მოქალაქეების დაცვას უზრუნველყოფს, წარმოადგენს სამხედრო დანაშაულს, რომლის იგნორირება შეუძლებელია“, – აღნიშნულია იერუსალიმის მართლმადიდებლური საპატრიარქოს განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალებში „ფრანს პრესს“ განუცხადეს, რომ მათმა მოიერიშე თვითმფრინავებმა დაარტყეს სამეთაურო-საკონტროლო ცენტრს, რომელიც მონაწილეობდა ისრაელის მიმართულებით რაკეტებისა და ჭურვების გაშვებაში, რის შედეგადაც დაზიანდა ეკლესიის კედელი.