იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში კონფლიქტის არიდების მიზნით, სერგეი ლავროვს ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში, დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდა
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გაუგზავნა წერილი, სადაც მას ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებს, უკრაინაში კონფლიქტის არიდების მიზნით.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის გასვლის ნიშნები არ არის და კონფლიქტის რისკი რეალურია.
გენერალური მდივნის თქმით, ოფიციალური მოსკოვი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს იმ მოთხოვნებით უპირისპირდება, რომელთაც, თავად იცის, რომ ნატო ვერ დააკმაყოფილებს.
„საფრთხე ახლა არის ამ მასიური სამხედრო თავმოყრა მუქარის ძლიერ რიტორიკასთან ერთად, სადაც წამოყენებულია მოთხოვნები, რომლებიც, თავად იციან, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, შევასრულოთ და ამბობენ, რომ თუ ჩვენ მათ არ შევასრულებთ, ამას სამხედრო შედეგები მოჰყვება.
ეს არის ახალი ნორმა, რომ ჩვენ გვყავს რუსეთი, რომელიც ევროპის უსაფრთხოების ძირითად ფასეულობებს ღიად ეწინააღმდეგება და ავლენს ნებას, რომ გამოიყენოს ძალა მისი მიზნის მისაღებად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ყოველწლიური ჯილდო გადაეცა. როგორც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ იშინგერმა განაცხადა, სტოლტენბერგი არის პიროვნება, რომელიც ფიზიკური საყრდენია ტრანსატლანტიკური საზოგადოების სტაბილურობისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის რთულ დროში.
„ის ყოველთვის იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ნამდვილი მეგობარი და მხარდამჭერი“, – აღნიშნა იშინგერმა.
სტოლტენბერგი ნატო-ს მეორე გენერალური მდივანი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო, აღნიშნულ ჯილდოს ასევე ფლობს ხავიერ სოლანა.