იენს სტოლტენბერგი - საქართველოს პროგრესი იქნება აღიარებული და ვიპოვით გზებს, ზუსტად რა ფორმით ავსახოთ ეს პროგრესი
საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები, შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, დააკმაყოფილოს ნატო-ს სტანდარტები, განამტკიცოს კანონის უზენაესობის დაცვა, უზრუნველყოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ებრძოლოს კორუფციას, – ასე უპასუხა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას, კიდევ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ, რათა დაამტკიცოს, რომ იმსახურებს ალიანსის წევრობას.
როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, აღნიშნული რეფორმები საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე დაეხმარება.
„ჩვენ არ მიგვიღია საბოლოო გადაწყვეტილება ფორმატების შესახებ. ორგანიზაციის ყველა წევრმა მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოს მიმართ და საქართველოს მისწრაფების მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთვის პრაქტიკული და პოლიტიკური დახმარების აღმოჩენას. წევრებმა მადლიერებით აღნიშნეს საქართველოს მონაწილეობა ნატო-ს მიერ წარმოებულ ოპერაციებში.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იქნება აღიარებული და ჩვენ ვიპოვით გზებს. ზუსტად რა ფორმით იქნება პროგრესი ასახული, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ჯერ სამიტის პროგრამა დეტალურად გადაწყვეტილი არ არის.
საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები, შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, დააკმაყოფილოს ნატოს სტანდარტები, განამტკიცოს კანონის უზენაესობის დაცვა, უზრუნველყოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ებრძოლოს კორუფციას. ეს არის კარგი საქართველოსთვის და ეხმარება საქართველოს წევრობის გზაზე“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პირველი არხის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.