იენს სტოლტენბერგი - ნატო შეშფოთებულია უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო
ნატო შეშფოთებულია უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. სატელეფონო საუბრის შესახებ სტოლტენბერგი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს.
„მე დავურეკე პრეზიდენტ ზელენსკის, რათა გამომეხატა სერიოზული შეშფოთება უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვრჩებით ჩვენი მჭიდრო პარტნიორების ერთგულნი“, – წერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი „ტვიტერში“.
აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება დაახლოებით ორი კვირის წინ გამწვავდა, როდესაც პრორუსი მებრძოლების მხრიდან გახსნილ ცეცხლს ოთხი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა. უკრაინის ხელისუფლება თავის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალისა და ტექნიკის მობილიზების შესახებ საუბრობს. გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში დაიღუპა კიდევ ორი უკრაინელი სამხედრო.