იენს სტოლტენბერგი - ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განთავსების შესაძლებლობას განიხილავს
იენს სტოლტენბერგი - ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განთავსების შესაძლებლობას განიხილავს

ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განთავსების შესაძლებლობას განიხილავს, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ განვიხილავთ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ჩვენი წარმომადგენლობის გაძლიერებას. ეს შეიძლება, მოიცავდეს ნატო-ს დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განთავსებას. ამ ძალების განთავსება არის პროპორციული და შეესაბამება ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს. ეს აძლიერებს ევროპულ უსაფრთხოებას ყველა ჩვენგანისთვის. ამავე დროს, ნატო კვლავ მზად არის, გააგრძელოს დიალოგი რუსეთთან. ნატო-ს მოკავშირეები მზად არიან, ჩაერთონ ნამდვილ დიალოგში და ეძებონ კონსტრუქციული გამოსავალი. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციას ჩვენს ძირითად პარტნიორებთან, ფინეთთან და შვედეთთან ამ დიალოგის მიმდინარეობისას. თუმცა, ნება მიბოძეთ, მკაფიოდ ვთქვა, ნატო არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეული ქვეყნის უფლებას, თავად აირჩიოს თავისი ალიანსები და ნატო-ს კარი ღია რჩება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

გენერალური მდივნის თქმით, ნატო მჭიდროდ თანამშრომლობს ალიანსის არაწევრ ფინეთთან და შვედეთთან და სრულად სცემს პატივს მათ ძლიერ და დამოუკიდებელი უსაფრთხოების პოლიტიკას.

„მხოლოდ ფინეთისა და შვედეთის გადასაწყვეტია მათი გზა და არა რუსეთის ან ვინმე სხვის. სუვერენულ ქვეყნებს აქვთ თვითგამორკვევის უფლება. ნატო ყოველთვის პატივისცემით მოეკიდება ამას. სხვებმაც უნდა სცენ ამას პატივი“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგი ასევე მიესალმა ალიანსის წევრების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს უსაფრთხოების გასაძლიერებლად. კერძოდ, მისი თქმით, დანიამ ბალტიის ზღვაში ფრეგატი გაგზავნა და განათავსებს მეტ სამხედრო თვითმფრინავებს ლიეტუვაში. საფრანგეთმა მზადყოფნა გამოთქვა, გაგზავნოს სამხედრო დანაყოფები რუმინეთში ნატო-ს მეთაურობის ქვეშ. ნიდერლანდები ბულგარეთში საჰაერო პატრულირებისთვის სამხედრო თვითმფრინავს გზავნის, ხოლო ესპანეთი შავ და ხმელთაშუა ზღვებში ნატო-ს საზღვაო ძალებში ხომალდებს გაგზავნის, ასევე განიხილავს ბულგარეთში ავიაციის გაგზავნის საკითხს. აშშ-მა კი, პირველად ათწლეულების განმავლობაში, ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფის მეთაურობა ნატო-ს გადასცა.

„კონფლიქტის საფრთხე კვლავ რეალურია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისკენ და დიპლომატიის გზის არჩევისკენ. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, რომელიც არ უქმნის საფრთხეს რუსეთს ან რომელიმე სხვა ქვეყანას. თუმცა, ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია ჩვენი მოკავშირეების დასაცავად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.