იენს სტოლტენბერგი - განვაგრძობთ უკრაინასთან მჭიდრო კოორდინაციას, ისევე როგორც ნატო-ს სხვა პარტნიორებთან, მათ შორის ფინეთთან, შვედეთთან, საქართველოსა და ევროკავშირთან
ნატო-მ რუსეთს საკუთარი ინიციატივები წერილობითი ფორმით გადასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.
მისი თქმით, ევროატლანტიკური უსაფრთხოება კრიტიკული მომენტის წინაშეა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთს მოუწოდა, ვითარების დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ. მისივე თქმით, დაძაბულობა და უთანხმოებები მხოლოდ დიალოგისა და დიპლომატიის გზით უნდა გადაიჭრას და არა ძალისმიერი გზით.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო სამ ძირითად სფეროში ხედავს პროგრესის შესაძლებლობას:
პირველი, ეს არის ნატო-რუსეთის ურთიერთობების განახლება, რომელიც მოსკოვმა დიპლომატიური კავშირის გაუქმებით გაწყვიტა და რაც მხარეებს შორის დიალოგს ართულებს. ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთსა და ნატო-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღდგეს, მოსკოვსა და ბრიუსელში ოფისები გაიხსნას და განახლდეს სამხედროებს შორის კომუნიკაცია, რათა შემცირდეს რისკები. ასევე საგანგებო გამოყენებისთვის, მოეწყოს სამოქალაქო ცხელი ხაზი;
მეორე, ეს არის ევროპული უსაფრთხოება, მათ შორის ვითარება უკრაინასა და მის გარშემო. სტოლტენბერგის თქმით, ნატო მზად არის, მოუსმინოს რუსეთის შეშფოთებებს და ჩაერთოს რეალურ მოლაპარაკებებში, თუ როგორ შეიძლება ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების გაძლიერება, რაც ასევე გულისხმობს, რომ თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა აირჩიოს უსაფრთხოების მექანიზმები, რუსეთმა კი თავი უნდა შეიკავოს იძულების ძალის გამოყენებისგან, აგრესიული რიტორიკის, ასევე ზიანის მომტანი ქმედებებისგან, რომლებიც მიმართულია მოკავშირეებისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.
„რუსეთმა ასევე უნდა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან, სადაც ისინი განთავსებული არიან ამ ქვეყნების ნებართვის გარეშე. და ყველა ეს მხარე კონსტრუქციულად უნდა ჩაერთოს კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში, მათ შორის ნორმანდიული ფორმატში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მესამე – რისკების შემცირება გამჭვირვალეობა და შეიარაღებაზე კონტროლის სფეროა. სტოლტენბერგის თქმით, ისტორიამ გვიჩვენა, რომ ამ საკითხებში ჩართულობას უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლია ყველასთვის. მისი თქმით, საჭიროა პრაქტიკული ზომები, რომელთაც რეალური შედეგი მოჰყვება.
„პირველ ნაბიჯად ჩვენ ვთავაზობთ საერთო ბრიფინგებს წვრთებსა და ბირთვულ პოლიტიკაზე ნატო-რუსეთის საბჭოში. ჩვენ ასევე მოდერნიზება უნდა გავუკეთოთ ვენის დოკუმენტს სამხედრო გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რათა შევამციროთ კოსმოსისა და კიბერსაფრთხეები. ასევე კონსულტაცია უნდა ვაწარმოოთ ჰაერსა და ზღვაში ინციდენტების პრევენციის გზებზე და დავადასტუროთ ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღთან მიმართებაში, საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვა. დაბოლოს, ჩვენ გვჭირდება სერიოზული საუბარი შეიარაღების კონტროლზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
გენერალური მდივნის თქმით, მან მოიწვია ყველა მოკავშირე და რუსეთი შეხვედრათა სერიების გასამართად, ამ საკითხების უფრო დეტალურად განსახილველად ნატო-რუსეთის საბჭოში. მისი თქმით, მოკავშირეების შეხვედრისთვის მზად არიან.
„ჩვენს ყველა ძალისხმევაში განვაგრძობთ უკრაინასთან მჭიდრო კოორდინაციას, ისევე როგორც ნატო-ს სხვა პარტნიორებთან, მათ შორის ფინეთთან, შვედეთთან, საქართველოსთან და რა თქმა უნდა, ევროკავშირთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.