იენს სტოლტენბერგი - ავღანეთი აღარ არის თავშესაფარი საერთაშორისო ტერორისტებისთვის, ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ქართველი სამხედროების გარეშე
ავღანეთი აღარ არის თავშესაფარი საერთაშორისო ტერორისტებისთვის, ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ქართველი სამხედროების გარეშე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომელიც „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში“ იმყოფებოდა და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა.
იენს სტოლტენბერგმა ალიანსის ყველა წევრისა და პარტნიორი ქვეყნების სახელით ქართველ სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„პირველ ყოვლისა, მადლობელი ვარ, რომ მაქვს დღეს აქ ყოფნისა და ყველა თქვენგანთან შეხვედრის შესაძლებლობა. ვიცი, რომ მსახურობთ თქვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ალიანსისთვის. სამუშაო, რომელსაც ასრულებთ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის, რადგან გვეხმარებით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ავღანეთში ვართ იმისათვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ქვეყანა აღარასოდეს გახდება ტერორისტების თავშესაფარი. ჩვენ ბევრს მივაღწიეთ. როდესაც დავიწყეთ ჩვენი მისია ავღანეთში 2001-2002 წლებში, ქვეყანას აკონტროლებდა „თალიბანი“, ავღანეთი იყო უსაფრთხო ადგილი ტერორისტებისთვის, ჩვენ ვხედავდით სასტიკ რეჟიმს, რომელიც ავიწროებდა ქვეყნის მოსახლეობას.
ავღანეთში ჯერ კიდევ რჩება ბევრი პრობლემა, თუმცა ვიცით, რომ დღეს ეს ქვეყანა აღარ არის თავშესაფარი „ალ-ქაიდასთვის“, საერთაშორისო ტერორისტებისთვის. ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა თქვენ გარეშე და ამიტომ ალიანსის ყველა წევრის, პარტნიორი ქვეყნებისა და ყველა იმ ადამიანის სახელით, ვინც დღეს თავის ქვეყანაში უფრო მშვიდობიანად ცხოვრობს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ მიერ გაწეული სამსახურისთვის და იმ ყველაფრისთვის, რაც ალიანსისთვის გააკეთეთ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო.