იენს სტოლტენბერგი - არ ვიცით, რა მოხდება უკრაინაში, თუმცა ვითარება აჩვენებს, რომ ჩვენ ევროპული უსაფრთხოების კრიზისის წინაშე ვართ
იენს სტოლტენბერგი - არ ვიცით, რა მოხდება უკრაინაში, თუმცა ვითარება აჩვენებს, რომ ჩვენ ევროპული უსაფრთხოების კრიზისის წინაშე ვართ

არ ვიცით, რა მოხდება უკრაინაში, თუმცა ვითარება აჩვენებს, რომ ჩვენ ევროპული უსაფრთხოების კრიზისის წინაშე ვართ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრებთან უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მოსკოვმა ძალიან ნათლად აჩვენა, რომ ის მზად არის, შეეწინააღმდეგოს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ემყარება ჩვენს უსაფრთხოებას და ეს ძალის გამოყენებით გააკეთოს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ ევროპის უსაფრთხოების პრინციპების შემოწმება ახალი ნორმა გახდა ევროპაში.

შედეგად, თავდაცვის მინისტრებმა გადაწყვიტეს, შეიმუშავონ ვარიანტები ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვის შემდგომი გაძლიერებისთვის. მათ შორის განიხილონ ნატო-ს ახალი საბრძოლო ჯგუფების განთავსება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

როგორც გენერალური მდივანი აცხადებს, ნატო-ს მეთაურებს დაევალათ, გაარკვიონ, როგორ განათავსონ ახალი საბრძოლო ჯგუფები ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთში. იენს სტოლტენბერგის თქმით, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა შესაძლოა, რუმინეთში დისლოცირებული საბრძოლო ჯგუფი იყოს, რომელსაც საფრანგეთი უხელმძღვანელებს.

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის საზღვრიდან რუსული ძალების გასვლის დამადასტურებელი მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს.

მისი თქმით, ეს ევროპაში შეიარაღებული ძალების ყველაზე მასშტაბური კონცენტრაციაა ცივი ომის დასრულების შემდეგ.

ნატო რჩება ღია დიალოგის მიმართ. იენს სტოლტენბერგის თქმით, გვიანი არ არის, რომ რუსეთმა კონფლიქტის ზღვარიდან უკან დაიხიოს და მშვიდობის გზა აირჩიოს. როგორც გენერალური მდივანი აცხადებს, ნატო-მ რუსეთს წერილობითი ფორმით მისი წინადადებები გაუგზავნა, გამჭვირვალეობაზე, რისკების შემცირებასა და შეიარაღებაზე კონტროლთან დაკავშირებით, თუმცა, მოსკოვისგან პასუხი ჯერ არ არის.