იენს სტოლტენბერგი მიესალმება თურქეთის გადაწყვეტილებას შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებაზე და ელოდება, რომ აღნიშნულ პროცედურას უნგრეთიც სწრაფად დაასრულებს
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმება თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილებას შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირებაზე, – ამის შესახებ შვედური ტელეკომპანია SVT იუწყება.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ახლა ელოდება, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირების პროცედურას უნგრეთი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულებს.
„ვილნიუსში ნატო-ს წევრი ყველა ქვეყანა შეთანხმდა, რომ მოიწვიონ შვედეთი ალიანსში და შვედეთმა შეასრულა თავისი ვალდებულებები. შვედეთის წევრობა ნატო-ს უფრო ძლიერსა და უფრო უსაფრთხოს გახდის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ახლა უნგრეთი არის ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც ჯერ არ მოუხდენია შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება. ამასთან, გუშინ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტენსონ მოლაპარაკებებისთვის ბუდაპეშტში ვიზიტთან დაკავშირებით მიწვევა გაუგზავნა.
შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ 2022 წლის მაისში განაცხადეს. ფინეთი ნატო-ს 2023 წლის აპრილში შეუერთდა, მაგრამ შვედეთის გაწევრიანებას თურქეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებოდნენ.