იემენში ყოფილი პრეზიდენტი ალი აბდალა სალეჰი მოკლეს
იემენში ყოფილი პრეზიდენტი ალი აბდალა სალეჰი მოკლეს

იემენში ყოფილი პრეზიდენტი ალი აბდალა სალეჰი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ჰუსიტ ამბოხებულებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ალი აბდალა სალეჰის სახლზე თავდასხმა ყოფილ მოკავშირე დაჯგუფებებს შორის შეტაკებების დროს განხორციელდა, რა დროსაც ყოფილი პრეზიდენტის საცხოვრებელი ააფეთქეს.
როგორც ჰუსიტი ამბოხებულების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, „მოღალატე მებრძოლებთან დაკავშირებული კრიზისი დასრულებულია, მათი ლიდერი კი – მოკლული“.

ტელეკომპანია „ალ-არაბიას“ ცნობით, სალეჰის გარდაცვალებას ადასტურებენ მის პარტიაშიც. ამასთან, ინერნეტში გავრცელდა სურათები და ვიდეოკადრები, სადაც სავარაუდოდ ექსპრეზიდენტის ცხედარი ჩანს.

ჯერ კიდევ გასულ კვირამდე ალი აბდალა სალეჰის მხარდამჭერები, ჰუსიტ ამბოხებულებთან ერთად, იემენის მოქმედი პრეზიდენტის, მანსურის წინააღმდეგ იბრძოდნენ. თუმცა ამბოხებულებს შორის შიდა დაპირისპირება დაიწყო, რაც შეტაკებებში გადაიზარდა. გასული ოთხშაბათის შემდეგ სალეჰის მომხრეებსა და ჰუსიტ ამბოხებულებს შორის საბრძოლო მოქმედებებს სულ მცირე 125 ადამიანი ემსხვერპლა. ამბოხებულ დაჯგუფებებს შორის უთანხმოება დედაქალაქ სანაას მთავარი მეჩეთის კონტროლის გამო დაიწყო.

იემენში უკვე სამი წელია, შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს. 2015 წელს შიიტმა ამბოხებულებმა – ჰუსიტებმა იემენის დედაქალაქი სანაა დაიკავეს. მოქმედი პრეზიდენტი ქვეყნიდან გაიქცა და საუდის არაბეთს შეაფარა თავი.

ამჟამად იემენის ერთ ნაწილს ამბოხებულები, მეორეს კი სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. იემენის მთავრობას საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი არაბული კოალიცია ავიადარტყმებით ეხმარება, ჰუსიტ ამბოხებულებს კი თეირანი უჭერს მხარს.

საბრძოლო მოქმედებების შედეგად ქვეყანაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისი შეიქმნა.